ეკა ბესელია - ზოგიერთებივით გუშინ და გუშინწინ არ გამხსენებია, რომ სასამართლო მნიშვნელოვანი თემაა
ქვეყანაში როგორი სასამართლო იქნება, გვაღელვებს, რადგან ზოგზოგიერთებივით გუშინ და გუშინწინ არ გამხსენებია, რომ სასამართლო მნიშვნელოვანი თემაა, – ამის შესახებ დეპუტატმა ეკა ბესელიამ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ამ წუთებში, „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტზე მსჯელობენ.
ბესელიას თქმით, 21 წელია, სასამართლო სისტემასთან შეხება აქვს და მისთვის სასამართლოს დამოუკიდებლობა ყოველთვის იყო მნიშვნელოვანი.
„ისე არ არის, რომ შემთხვევით, ერთ მშვენიერ დღეს ყველამ გაიღვიძა და დაინახა, რომ ეს ნომერ პირველი პრობლემაა. ყველას, იურისტსა და არაიურისტს კარგად ესმის, ნებისმიერი ადამიანისთვის სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მართლმსაჯულების რეალური შედეგი რამდენად მნიშვნელოვანია. მოსამართლემ სხვათა ქცევა უნდა განსაჯოს, ყველაზე მაღალი რანგის, სტანდარტებისა და რეპუტაციის უნდა იყოს და რასაც ვხედავთ, თანამდებობაზე მყოფი მოსამართლეები ვერანაირ კრიტიკას ვეღარ უძლებენ. თუ პოლიტიკურ და სამართლებრივ მხარეს სახელმწიფოს ჭრილში დავინახავთ, მივხვდებით, რომ იუსტიციის საბჭო გადაიქცა ორგანოდ, რომელმაც პარლამენტის მიმართ ინსტიტუციური უპატივცემულობა გამოავლინა. მეორე მხრივ კი, ეთიკური და კონსტიტუციური სტანდარტების დაცვის თვალსაზრისით საზოგადოებასთან დიდ კონფლიქტში შევიდა. მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის უფლება უნდა შეუჩერდეთ მანამდე, სანამ კრიტერიუმებს სამართლებრივად არ დავხვეწთ და ისეთ გადაწყვეტილებას არ მივიღებთ, რომელიც რისკებს დააზღვევს. რისკები სახეზეა“, – განაცხადა ბესელიამ.