ეკა ბესელია - ყიჟინა, მოთქმა და ვაი-ვუი, რასაც ვისმენთ ოპონენტებისგან, შეუთავსებელია ევროპული ქვეყნების სტანდარტთან
ეკა ბესელია - ყიჟინა, მოთქმა და ვაი-ვუი, რასაც ვისმენთ ოპონენტებისგან, შეუთავსებელია ევროპული ქვეყნების სტანდარტთან

ის ყიჟინა, მოთქმა და ვაი-ვუი, რასაც ვისმენთ ყალბი ტონალობით ჩვენი ოპონენტების მხრიდან,  აბსოლუტურად შეუთავსებელია იმ ქვეყნების სტანდარტთან, რომელთაც აქვთ პრეტენზია, რომ ნამდვილ დემოკრატიულ ფასეულობებს სცემენ პატივს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, სადაც პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავდნენ.

„არ მინდა, რომ ამ პოლიტიკურ დისკურსში შევყვე ოპონენტებს, არ ვფიქრობ, რომ იქნება რაიმე თვალსაზრისით სასარგებლო ამ პროცესისთვის ან დაინტერესებული პირებისთვის. ვგულისხმობ „ნაციონალური მოძრაობის“ და მათი განაყოფის წარმომადგენლების გამოსვლებს. არ ვაპირებ ამ გამოსვლებზე პასუხებს. ვაპირებ, რომ ძალიან მოკლედ შევახსენო მათაც და იმ ადამიანებსაც, ვისთვისაც საინტერესოა, რა ცვლილებებს ვუჭერთ მხარს, რა მივიღეთ და რამდენად წაადგება ეს მაუწყებელს, ეს არგუმენტები იყოს უფრო ნათლად ჩამოყალიბებული”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისივე თქმით, ამ პროცესის პოლიტიზირება უკვე მოხდა, მაგრამ პრეზიდენტის ვეტომ უფრო მეტად გაზარდა  პროცესის პოლიტიკურ შინაარსი.

„მგონია, რომ გაცილებით უფრო ღირებული იქნება რამდენიმე არგუმენტი. პირველი საკითხი არის კომერციული რეკლამის თემა. მინდა გავიხსენო ის ძალიან მნიშვნელოვანი კომენტარი და შეფასება, რომელიც რეკლამასთან დაკავშირებით ჩვენ მივიღეთ იმ ექსპერტულ, ძალიან კომპეტენტურ მოსაზრებაში, რომელიც ევროპის მაუწყებელთა კავშირმა მოამზადა. მაუწყებელთა კავშირის გენერალური დირექტორის ინგრიდ დელტერნეს დასკვნიდან ერთ ამონარიდს წავიკითხავ ოთარ კახიძისთვის, რომელმაც BBC-ის პრინციპების რამდენიმე ამონარიდი შეგვახსენა. მივესალმებოდი, თუ გადაავლებდით თვალს ამ კომენტარს, იქ ნახავდით ასეთ ჩანაწერს, რომელიც არის არა აბსტრაქტული, ზოგადი და საყოველთაო, უნივერსალური, არამედი არის ჩვენს ცვლილებებთან დაკავშირებით ძალიან კონკრეტული ექსპერტული მოსაზრება და კონკრეტული იმ მუხლთან დაკავშირებით, რომელიც მივიღეთ და ეხება სწორედ სარეკლამო ჩანაწერთან დაკავშირებით იმ მინიმალურ ცვლილებას, რომელიც ჰქონდა ისედაც მაუწყებელს, მაგრამ მოხდა მისი გარკვეული რეგულაცია, ახალი ფორმით ჩამოყალიბება”, – განაცხადა ბესელიამ.

მისივე თქმით, ევროპის მაუწყებელთა კავშირი მიესალმება წარმოდგენილ ცვლილებას, რომელიც ითვალისწინებს საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის დაწესებული სარეკლამო შეზღუდვების ზომიერ ლიბერალიზაციას, რაც გაზრდის მის მოქნილობას რეკლამების ჩართვის და ისეთი ახალი სარეკლამო ტექნიკის გამოყენებისთვის, როგორიცაა სპონსორობა.

“საზოგადოებრივი მაუწყებლები ევროპის მასშტაბით ფინანსდებიან შერეული შემოსავლის წყაროებიდან, მათ შორის კომერციული შემოსავლებით. კომერციული შემოსავალი არის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილი მთლიან დაფინანსებაში და რეკლამას შეადგენს კომერციული შემოსავლის ყველაზე დიდ წილს. ეს არის დაახლოებით 60%”, – აღნიშნა დეპუტატმა.

ეკა ბესელიას განცხადებით, ცვლილება, რომელიც ეხება კომერციულ რეკლამას საზოგადოებრივ არხზე, ამცირებს სოციალური რეკლამისთვის გამოყოფილ მინიმალურ დროს საათში 60 წამიდან სამ საათში 90 წამამდე, ასევე არის მითითებული უსასყიდლოდ რეკლამის განთავსების ვალდებულება, რაც ბევრ საზოგადოებრივ მაუწყებელს არ აქვს.

„ევროპის მაუწყებელთა კავშირის  ექსპერტების დასკვნები და ცვლილებებთან დაკავშირებული კომენტარები ამბობს ერთ რამეს, რომ ცვლილებები აბსოლუტურად თავსებადია ევროპულ სტანდარტებთან. ამიტომ ის ყიჟინი, მოთქმა და ვაი-ვუი, რასაც ვისმენთ ყალბი ტონალობით ჩვენი ოპონენტების მხრიდან,  აბსოლუტურად შეუთავსებელია იმ ქვეყნების სტანდარტთან, რომელთაც აქვთ პრეტენზია, რომ ნამდვილ დემოკრატიულ ფასეულობებს სცემენ პატივს”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

რაც შეეხება სარეკლამო შემოსავლის შედარებას, მისივე თქმით, არასწორია 2015 წლამდე ამ სარეკლამო შემოსავლების შედარება მომდევნო პერიოდთან, რადგან უნდა იყოს გათვალისწინებული მთლიანი სარეკლამო ბაზრის საერთო მოცულობა და ამ მოცულობაში როგორი მაუწყებლის წილი.

„რაც შეეხება საპროგნოზო მისაღებ შემოსავალს, საუბარია მაქსიმუმ 2 მილიონამდე ლარზე, რაც არის საერთო სარეკლამო ბაზრის ჭრილში და იმდენად მცირე და მიზერულია, ვერ გამოიწვევს ვერანაირ რყევებს და ვერ მოახდენს გავლენას საერთო ბაზარზე”, – აღნიშნა ბესელიამ.