ეკა ბესელია - ვისურვებდი, რეგლამენტი დაცული იყოს ყოველთვის და არა მაშინ, როცა ვინმე წინააღმდეგ გამოყენება სურთ
ეკა ბესელია - ვისურვებდი, რეგლამენტი დაცული იყოს ყოველთვის და არა მაშინ, როცა ვინმე წინააღმდეგ გამოყენება სურთ

დამოუკიდებელი დეპუტატის, ეკა ბესელიას შეფასებით, თუ პარლამენტი სუსტი იქნება, ხელისუფლების ორივე შტო – საკანონმდებლო ორგანო და მთავრობა მოშვებული იქნება.

ჟურნალისტებთან საუბარში ეკა ბესელიამ ახალი რეგლამენტის პროცედურებსა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ „ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ კანონპროექტის განხილვის გადადებას გამოეხმაურა.

დეპუტატის თქმით, კარგია, როცა პარლამენტი პარლამენტს ჰგავს და მთავრობას აკონტროლებს.

„ვისურვებდი, რომ რეგლამენტი დაცული იყოს ყოველთვის და არა მაშინ, როცა ვინმეს სურს, ვინმეს წინააღმდეგ გამოიყენოს. სამწუხაროდ, რეგლამენტის მოთხოვნა დღესაც დაირღვა, რადგან ამ კანონპროექტის ვადა განსაზღვრული იყო. საკონსტიტუციო სასამართლო ამბობს, რომ ახალი ცვლილება 31 მარტამდე უნდა იყოს და ეს ვადა ირღვევა, რაც ცუდი მაგალითია, როგორ არ უნდა მოექცეს კომიტეტი. ვისურვებდი რეგლამენტი დავიცვათ და გაძლიერდეს, როგორც საკანონდებლო კონტროლი”, – განაცხადა ბესელიამ.

კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განმარტა, რომ აღნიშნული კანონპროექტი ადამიანის უფლებათა კომიტეტს არ აქვს განხილული, რადგან საკითხის გასატანად მომხსენებელი არ გამოცხადდა და საკითხის გადადების მიზეზი ეს არის.

ოხანაშვილის საპასუხოდ ბესელიამ აღნიშნა, რომ არ იცოდა, კომიტეტის სხდომა როდის ჩატარდა.

დეპუტატი განმარტავს, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტს საკითხის განხილვა შეუძლია, ვინაიდან, თუ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა საკითხი ვერ განიხილა, მისი დასკვნა დადებითია და კანონპროექტის სესიაზე გადატანა შესაძლებელია.

„იურიდიულმა კომიტეტმა დაჩქარებული წესით შაბათს „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტი გამოიტანა და ეს კანონპროექტი გამოეტანა, რომლის სწრაფად მიღება მნიშვნლოვანი იყო, რადგან პარლამენტს ვადა 31 მარტამდე ჰქონდა”, – განაცხადა ბესელიამ.

საუბარია, კანონპროექტზე, რომლის მიხედვით, ბიზნესომბუდსმენს ადმინისტრაციული ორგანოდან ინფორმაციის გამოთხოვის/მიღების ზოგადი კომპეტენცია ენიჭება.

ამასთან, ფართოვდება ბიზნესომბუდსმენი უფლებამოსილება – „სასამართლო მეგობრის“ ფუნქციის შესრულების ნაწილში.

კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოსთან ერთად, ბიზნესომბუდსმენს ენიჭება საერთო სასამართლოების სისტემაში ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) ფუნქციის შესრულების შესაძლებლობა.