ეკა ბესელია - ვისურვებდი, ბრძოლის ისტორია, რომელიც 9 აპრილს დაიწერა, ქვეყნის გამთლიანების იდეით დასრულდეს
ეკა ბესელია - ვისურვებდი, ბრძოლის ისტორია, რომელიც 9 აპრილს დაიწერა, ქვეყნის გამთლიანების იდეით დასრულდეს

9 აპრილის ისტორია პირდაპირი გზავნილია იმისა, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლა ჩვენთვის ყველაზე დიდი ეროვნული იდეაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ თბილისში, რუსთაველის გამზირზე ჟურნალისტებს განუცხადა.

დეპუტატმა 9 აპრილის მემორიალთან 30 წლის წინ დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

„მთელი ჩვენი ისტორია გადის სულ დამოუკიდებლობის და გადარჩენის ხაზზე. ყველა ეს განსაკუთრებული ფურცელი, რაც საქართველოს ისტორიაში ჩაწერილა და რითაც დღემდე მოვედით, არის ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის და ქვეყნის მთლიანობისთვის. 9 აპრილი არის სწორედ ეს სიმბოლო, განსაკუთრებული სიმბოლო, რომლითაც ალბათ, ყველაზე კარგად იყო გამოხატული სამშობლოს სიყვარული, ერთიანობისა და დამოუკიდებლობის იდეა. ახალგაზრდა გოგო-ბიჭები სამშობლოს სიყვარულს ეწირებოდნენ, ამიტომ ეს ისტორია არის ძალიან სათუთი. განსაკუთრებით ამ წლების გადმოსახედიდან იმდენად ღირებულია, რომ ბმა წარსულსა და აწმყოს შორის არის საოცრად ახლოს და შეკრული.

ეს ისტორია პირდაპირი გზავნილია იმისა, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლა ჩვენთვის ყველაზე დიდი ეროვნული იდეაა. განსაკუთრებულად სიმბოლური იყო ღამე აქ მოსვლა, რადგან გმირობის ისტორიები აქ ღამე ხდებოდა. რაღაც სხვანაირად გიცოცხლდება ეს ადგილი და უფრო ემოციური ხდება ამ დროს ყველა დეტალი. ვისურვებდი, რომ ბრძოლის ისტორია, რომელიც 9 აპრილს დაიწერა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის იდეით, ქვეყნის გამთლიანების იდეით დასრულდეს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა.