ეკა ბესელია - ვისთვისაც სასამართლო საკუთარი ინტერესების სფეროა, შეუძლებელია, მას საზოგადოებისთვის მისაღებ ენაზე ესაუბრო
ეკა ბესელია - ვისთვისაც სასამართლო საკუთარი ინტერესების სფეროა, შეუძლებელია, მას საზოგადოებისთვის მისაღებ ენაზე ესაუბრო

ვისთვისაც სასამართლო არის არა თავისუფლების გარანტი, არამედ საკუთარი ინტერესების სფერო, კორუფციისა და პირადი ინტერესების ყველაზე ნოყიერი ნიადაგი, შეუძლებელია, ერთმანეთს ველაპარაკოთ იმ ენაზე, რომელიც საზოგადოებისთვის მისაღები და გასაგებია, – ამის შესახებ დეპუტატმა ეკა ბესელიამ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, ვიდრე დეპუტატებს ღილაკების ფერი ვერ გაურჩევიათ, კაბინეტებისა და ოთახების გარჩევასა და თანამდებობების გარკვევაში არიან, საზოგადოება ღელავს ცუდი პროექტის გამო, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევაზე პარლამენტში შეიტანა.

„მინდა, კოლეგებს ვკითხო და არა იმ ხუთ ადამიანს, სიმბოლურია, ეს ციფრი, ვისაც ძალიან მოსწონს პროექტი, ან იმათ, ვისაც მიაჩნიათ, რომ იუსტიციის საბჭოს უშტატო თანამშრომელი უნდა იყოს საქართველოს პარლამენტში. მინდა, იმ ადამიანებს ვკითხო, კოლეგებს, ვისაც ჰქონდა მოლოდინი, რომ დეკემბრის მართლაც მძიმე მოვლენების შემდეგ, რაღაც შეიცვლებოდა, მაინტერესებს, თქვენ მოგწონთ ეს პროექტი? ვინც გუშინ ცუდები იყვნენ და დღეს კარგები არიან? მოგწონთ ეს პროექტი, სადაც იუსტიციის საბჭოს გადაცემული აქვს ესოდენ დიდი ძალაუფლება? რომელსაც შეუძლია დაგიცხრილოთდაგიჩეხოთ საკუთარი სურვილებით დაგიკომპლექტოთ სია და ისე გადმოგიგდოთ ისევ პარლამენტში, როგორც ეს გააკეთა დეკემბრის ბოლო კვირას. ამ პროექტს მისცემთ ხმას, სადაც „ქართული ოცნების“ იდეალები, იუსტიციის საბჭოს იდეალებად გადაიქცა“, – მიმართა ეკა ბესელიამ დეპუტატებს.