ეკა ბესელია - ვგეგმავთ პრეზენტაციას და გაჩვენებთ ძალიან საინტერესო ადამიანებს
ეკა ბესელია - ვგეგმავთ პრეზენტაციას და გაჩვენებთ ძალიან საინტერესო ადამიანებს

ვგეგმავთ ძალიან საინტერესო პრეზენტაციას და გაჩვენებთ ძალიან საინტერესო ადამიანებს, – განაცხადა პარტია „სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას.

„ცოტა ხანში, ალბათ, აგვისტოს პირველ ნაწილში ვგეგმავთ ძალიან საინტერესო პრეზენტაციას და მე თქვენ გაჩვენებთ ძალიან საინტერესო ადამიანებს. როგორც მაჟორიტარი კანდიდატები, ვგეგმავთ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციას და მინდა, საზოგადოებას გავაცნო ძალიან საინტერესო ახალი სახეები. თუმცა, იპოვით რამდენიმე ნაცნობ, თავის სფეროში პროფესიონალ ადამიანს“, – განაცხადა ბესელიამ.

როგორც ბესელიამ აღნიშნა, პარტია „სამართლიანობისთვის“ საარჩევნო სიაში სხვადასხვა პროფესიის ადამიანები იქნებიან. 

„ძირითადად, ესენი არიან იურისტები. მათ შორის – ექიმებიც, რამდენიმე ძალიან საინტერესო ექიმი. სხვათა შორის, ისინი „კოვიდ-19“-თან ბრძოლის პროცესში ძალიან აქტიურად იყვენენ ჩართული, მაგრამ მედიასთან აქტიურად არ ჩანდნენ; უფრო, უკანა ფლანგზე მუშაობდნენ, მაგრამ მუშაობდნენ ძალიან ბევრს. სიაში იქნებიან ხელოვნების წარმომადგენლები, ეკონომისტები და მგონია, რომ ძალიან კარგი გუნდი შეიკრა“, – განაცხადა ბესელიამ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, არის თუ არა ამ სიის ამომრჩევლებამდე მისატანად მცირე დრო, რომ მოქალაქეებმა ახალი სახეები გაიცნონ, აირჩიონ და არის თუ არა ეს პოლიტტექნოლოგიურად რთული, ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ ეს მართლაც რთულია და გაცილებით რთულია მოახლოებული არჩევნებისთვის, რადგან ყველაფერი ცაიტნოტში მოხდა, არის შეზღუდვები და საარჩევნო კამპანიის ტრადიციულად ჩატარებაც ვერ მოხერხდება.

„რთული იქნება კონკურენციაში შესვლა იმის გამო, რომ ეს არის ახალი პარტია და არ გვაქვს ფინანსური რესურსი, ამის გარეშე კი რთულია, ძლიერი საარჩევნო ინფრასტრუქტურა შექმნა, მაგრამ რაც მე შემიძლია, არის ის, რომ ვიცი, რისთვის შეიქმნა ეს პარტია. ეს არ არის არჩევნებში მონაწილეობა იმიტომ, რომ იყო პოლიტიკაში. მინდა, ის იდეა და მიზანი, რაც ამ პარტიას სახელად ჰქვია და, რისთვისაც ამდენი ბრძოლა დამჭირდა, თანამოაზრეებთან ერთად ბოლომდე მივიტანო. მე ამ თანმიმდევრულობაში ვხედავ ძალას და სანდოობას, რომლითაც ამომრჩეველს უნდა დაველაპარაკო, როცა შევხვდები“, – განაცხადა ბესელიამ.

ირაკლი აბსანძის შეკითხვაზე, სად იყრის კენჭს მაჟორიტარ კანდიდატად, თბილისში თუ დედაქალაქს გარეთ, ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ ჯერჯერობით, არ იტყვის, მაგრამ კენჭს თბილისთან ახლოს იყრის.

„ძალიან მალე ვიტყვი, მაგრამ ჯერ არა. კენჭს თბილისთან ახლოს ვიყრი“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, დარწმუნებულია, რომ ცვლილებები აუცილებლად მოხდება, მაგრამ მნიშვნელოვანია, ეს ცვლილებები იყოს პროგრესისკენ და არა რეაგირებისკენ.