ეკა ბესელია - საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს, რომ არჩევნებს აზრი მიეცეს და უკანონო პატიმრებსაც ეშველოთ, ამისთვის საჭიროა საკონსტიტუციო ცვლილებისთვის ხმის მიცემა
ეკა ბესელია - საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს, რომ არჩევნებს აზრი მიეცეს და უკანონო პატიმრებსაც ეშველოთ, ამისთვის საჭიროა საკონსტიტუციო ცვლილებისთვის ხმის მიცემა

პარტია „სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, დღეს ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან საკონსტიტუციო ცვლილებებზე და 8 მარტის შეთანხმებასთან დაკავშირებით საერთო განცხადების შემუშავება იგეგმება.

მისივე თქმით, ოპოზიციური პარტიები სწორედ კონსულტაციებისთვის შეიკრიბნენ.

„გვაქვს გეგმაში, რომ იყოს ერთიანი განცხადება მიღებული დღეს, უბრალოდ საჭირო იქნება კონსულტაცია ამ დოკუმენტის ირგვლივ, რომ შევაჯეროთ პოზიცია მთავარ საკითხზე, რომ რვა მარტის შეთანხმების ორივე ნაწილი, როგორც საარჩევნო სისტემის ნაწილი, ასევე იმ ადამიანების გათავისუფლება, ვინც წინასაარჩევნო პროცესში, განსაკუთრებით ოპოზიციის ლიდერები, უნდა იყვნენ ჩართული და ამ დროს არიან სისხლისსამართლებრივი დევნის ქვეშ, ეს ორივე საკითხი არის ხელშეკრულების ნაწილი და მის შესრულებას ითხოვს ყველა, აქ არის ერთიანი პოზიცია.

იმ შემთხვევაში, თუ კენჭისყრაზე დადგება, იმედია, კონსტიტუციური ცვლილებების საკითხი და არ იქნება ამ შეთანხმების მეორე ნაწილი შესრულებული, უნდა მივცეთ თუ არა ხმა, ეს იქნება საკითხი, რომელზეც იქნება პოზიციები შესაჯერებელი. ვფიქრობ, რომ შესაძლებელია ერთიანი განცხადების გაკეთება, სადაც პოზიცია იქნება პრინციპულად თანმხვედრი, რომ ორივე პირობა უნდა შესრულდეს, ეს დღეს შეიძლება, მოხდეს.

მთავარია შემდეგი ნაბიჯები, რას ვაკეთებთ. მგონია, რომ არ უნდა მივცეთ ჩვენ მმართველ პარტიას არანაირად იმის შანსი, რომ ეს პირობა უკან წაიღოს და ჩავარდეს კონსტიტუციური კანონპროექტი. მას ხმები არ ყოფნის დამოუკიდებლად, საპარლამენტო უმრავლესობას საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ჰყავს, მას სჭირდება დამატებით ოპოზიციის ხმები.

ამიტომ მგონია, რომ ამ ცვლილებას, რომლითაც საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს, არჩევნებს აზრი უნდა მიეცეს, უკანონო პატიმრებსაც და პოლიტიკური ნიშნით გასამართლებულ ადამიანებსაც უნდა ეშველოს, ამისთვის საჭიროა ხმის მიცემა, ეს არის ჩემი პირადი პოზიცია, ვეცდები, რომ ეს პოზიცია დავასაბუთო. ის, რომ ჩვენ არ მივცეთ ხმა კონსტიტუციურ ცვლილებას, რომელმაც სისტემა უნდა შეცვალოს, მე მგონია, არ იქნება მართებული“,- განაცხად ეკა ბესელიამ.