ეკა ბესელია - ვენეციის კომისიის მხრიდან კონსტიტუციის ცვლილებებმა ძალიან მაღალი შეფასება მიიღო
ეკა ბესელია - ვენეციის კომისიის მხრიდან კონსტიტუციის ცვლილებებმა ძალიან მაღალი შეფასება მიიღო

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, მიმდინარე კვირაში მზად არიან, რომ კონსტიტუციის პროექტის რედაქციულ შენიშვნებს კენჭი უყარონ.

ბესელიას თქმით, კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე განხილული იქნება ყველა ის პუნქტი, რომელიც შეიძლება კიდევ უფრო მეტად დაიხვეწოს.

„ბოლო შეფასება ვნახეთ. ვენეციის კომისიის მხრიდან კონსტიტუციის ამ ცვლილებებმა ძალიან მაღალი შეფასება მიიღო. ვენეციის კომისია, რომელიც მაღალი კლასის ექსპერტებით არის დაკომპლექტებული, ამ პროცესს აფასებს, როგორც ძალიან გაბედულ, წარმატებულ და კარგ სვლას საპარლამენტო მოდელის განმტკიცებისკენ. საქართველომ ამით პრაქტიკულად დაასრულა პროცესი, რომელითაც საპარლამენტო მოდელი გააძლიერა და ეს საკონსტიტუციო ცვლილებები როგორც უფლებების კუთხით, ასევე კონსტიტუციური მოწყობის პრინციპის გათვალისწინებით, უდავოდ მაღალი სტანდარტისაა”,- განაცხადა ეკა ბესელიამ.

საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციაში შესატან ცვლილებებს დღეს მესამე მოსმენით პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს. კონსტიტუციის ახალ რედაქციაში ცვლილებები ორი მოსმენით მიღებულია.

ცვლილება შედის ახალმიღებული კონსტიტუციის მე-18 მუხლში, რომელიც საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას ეხება.

წინასწარი ინფორმაციით, ცვლილებების პროექტს პარლამენტი 21 მარტის პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებს.