ეკა ბესელია - პარლამენტში სრულიად ახალი კონფიგურაცია დალაგდება, ამიტომ, არ ვჩქარობ
ეკა ბესელია - პარლამენტში სრულიად ახალი კონფიგურაცია დალაგდება, ამიტომ, არ ვჩქარობ

ველოდები, რომ პარლამენტში სრულიად ახალი კონფიგურაცია დალაგდება, ამიტომ, არ ვჩქარობ. ძალიან მშვიდად და ნაბიჯ-ნაბიჯ ვაყალიბებთ ახალ პოლიტიკურ ცენტრს, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“ განაცხადა.

„ეს პროცესია. თქვენ ხედავთ, რომ ამ ახალი პოლიტიკური ცენტრის ფორმირებისთვის არეალი ნელ-ნელა იზრდება. პარლამენტში კონფიგურაცია უკვე შეიცვალა, აღარც უმცირესობაა, რომელიც ბაქრაძე-ბოკერიას გუნდს ჰქონდა და აღარც საკონსტიტუციო უმრავლესობა. ცოტა ხანში, ესეც შეიცვლება და ველოდები, რომ პარლამენტში სრულიად ახალი კონფიგურაცია დალაგდება. ამიტომ, არ ვჩქარობ. ჩვენ ძალიან მშვიდად და ნაბიჯ-ნაბიჯ ვაყალიბებთ ახალ პოლიტიკურ ცენტრს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ამ განცხადებით, ეკამ უპასუხა შეკითხვას, აღიარებს თუ არა ის,  მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის დროებით შეჩერებასთან დაკავშირებული ახალი ინიციატივით წინა კანონპროექტის არაკონსტიტუციურობას და აპირებს თუ არა, მიზნის მიღწევას ახალი გზით, როგორც ეს „ქართული ოცნებიდან“ მისმა ყოფილმა თანაგუნდელებმა აღიქვეს.

ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ მისი ინიციატივა კონსტიტუციის ნორმიდან გამომდინარე იყო და ეხებოდა უვადოდ გამწესების დროებით შეჩერებას იმ მოსამართლეთა მიმართ, რომელთა არჩევაც ვადით იყო განსაზღვრული. ეს მორატორიუმი გარდამავალ მუხლში წერია და ეს ახალი ინიციატივა ცოტა განსხვავებულ საკითხს ეხება.

მისი თქმით, კონსტიტუციური ნორმა ორივე კატეგორიის მოსამართლეს ეხება, როგორც პირველად გასამწესებელს, ასევე ვადით უკვე გამწესებულს და ვიდრე ამ იუსტიციის საბჭოს პირობებში სასამართლო რეფორმა არ დასრულებულა, საერთოდ უნდა იყოს თუ არა მოსამართლეთა უვადოდ გამწესება, ამ საკითხზე, კონსტიტუციურ ცვლილებაზე მოსახლეობის მხარდაჭერა და მოსახლეობისთვის აზრის კითხვა იდეაა.

უვადობა, მუდმივობა, მონაცვლეობის პრინციპს, როგორც დემოკრატიულ პრინციპს, გამორიცხავს. სასამართლოს დამოუკიდებლობა არის გარანტირებული მოსამართლის უვადოდ არჩევით, მაგრამ დამოუკიდებლობა სამართლიანობისთვის გვჭირდება. მიზანი სამართლიანობაა და ეს დამოუკიდებლობა არის საშუალება მიზნის მისაღწევად. ამ ელემენტარულ კატეგორიებში იურისტი რომ ვერ ერკვევა, მე მის კომენტარებზე სერიოზული პასუხი ძალიან გამიჭირდება. ცოტა უნდა იმეცადინონ ამ სამართლებრივ კატეგორიებში, ვიდრე ასეთი ხმაურიანი განცხადებებით გამოვლენ“, – განაცხადა ბესელიამ.