ეკა ბესელია - ვანო ზარდიაშვილი დღეს „ქართული ოცნების“ სახელით ლაპარაკობდა, სწორედ ამიტომ, პასუხისმგებლობას პირადად ბიძინა ივანიშვილს ვაკისრებ
ეკა ბესელია - ვანო ზარდიაშვილი დღეს „ქართული ოცნების“ სახელით ლაპარაკობდა, სწორედ ამიტომ, პასუხისმგებლობას პირადად ბიძინა ივანიშვილს ვაკისრებ

არავისთან არ მაქვს ბოდიში მოსახდელი, რამდენჯერაც იქნება ასეთი ამორალური პროვოკაცია და თავდასხმა, მიიღებს პასუხს, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ უმრავლესობის წევრ ვანო ზარდიაშვილთან მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე საუბრისას ჟურნალისტებთან განაცხადა.

ეკა ბესელიას თქმით, ვანო ზარდიაშვილი დღეს „ქართული ოცნების“ სახელით ლაპარაკობდა, სწორედ ის პასუხისმგებლობას პარტიის თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს აკისრებს.

„პირველი რაც მინდა ვთქვა, დღეს იყო იაფფასიანი დაგეგმილი პროვოკაცია. ძალიან შეგნებულად გამოუშვა როგორც ჩანს, ჩინჩალაძემ და მისმა კლანმა ეს არარაობა, ყოველთვის მათი მონა ზარდიაშვილი პროვოკაციის მოსაწყობად. მათ შეხედეს, როგორ რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა მათი რჩეული მსაჯული მოსამართლე, რომელიც ვერ უძლებდა კითხვებს, რომელიც მისი მისამართით არსებობდა, კადრები რომელიც გავუშვით ააშკარავებდა იმ სურათს, რაც აქვს დაგეგმილი „ქართულ ოცნებას“. აი ამის გადასარჩენად შემოუშვეს „ქართული ოცნების“ სახედ ქცეული ზარდიაშვილი, რომელმაც მიიღო პასუხი ჩემგან ამ პროვოკაციაზე. მე მასაც და სხვასაც ვაფრთხილებ, არავისთან არ მაქვს ბოდიში მოსახდელი. რამდენჯერაც იქნება ასეთი ამორალური პროვოკაცია და თავდასხმა, მიიღებს პასუხს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ამასთან, დამოუკიდებელი დეპუტატის თქმით, პარლამენტის წევრს მოეთხოვება მეტი თმენის ვალდებულება და თავშეკავება, თუმცა არსებობს ზღვარი, რისი გადალახვის უფლებასაც არავის მისცემს.

„ვანო ზარდიაშვილი ჩუმად, არაკაცურად ისე ლაპარაკობდა, რომ საზოგადოებას ვერ გაეგო მისი შეურაცხყოფა. მაგრამ მე გავიგე და რამდენჯერაც ამას გაბედავს, მიიღებს პასუხს. ვანო ზარდიაშვილი დღეს „ქართული ოცნების“ სახელით ლაპარაკობს, სწორედ ამიტომ მე ვაკისრებ პირადად ბიძინა ივანიშვილს პასუხისმგებლობას. ეს არის მისი პასუხისმგებლობა რომ „ქართული ოცნება“ ადეიშვილის ღამის მორიგეების და ღამის ასისტენტების თუ ხელის ბიჭების სახელით ლაპარაკობს.

ამ არარაობასთან არაფერი საერთო არ მაქვს. მართალია მას თავი არ უნდა გაუყადრო, მაგრამ არ ვაპირებ „გავატარო“ ის, რა ფრაზაც იხმარა. ეს ესმოდა გედევან ფოფხაძესაც. ეს იყო შეურაცხმყოფელი რომელიც გავიგონე და მე არ ვაპირებ ყური მოვიყრუო. ბევრჯერ შემიკავებია თავი, რადგან პარლამენტის წევრს მოეთხოვება მეტი თმენის ვალდებულება, თავშეკავება, მაგრამ არსებობს ზღვარი. ამ ზღვარს ვინც გადალახავს, მიღებს პასუხს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, ის აფრთხილებს ბიძინა ივანშვილს, თუ „ხელის გადაგრეხვით გააგრძელებს მათთან ლაპარაკს, პასუხს მიღებს“.

„თუ ივანიშვილს ან „ქართული ოცნებაში“ ვინმეს ჰგონია, რომ გაბედავენ და ამ მოსამართლეებს თავზე მოგვახვევენ, ძალიან ცდებიან. ყველა მეთოდი, ყველა ფორმა, რაც კი შეიძლება იყოს კანონით დასაშვები, გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ამ პროცესს წინ აღვუდგეთ. ეს იქნება ფიზიკური წინააღმდეგობა, ეს იქნება მორალური, პოლიტიკური და სამართლებრივი. ეს არის ჩემი და ჩემი მეგობრების პროტესტიც, ეს არის გაფრთხილებაც“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. შელაპარაკება დამოუკიდებელ დეპუტატ ეკა ბესელიასა და უმრავლესობის წევრ ვანო ზარდიაშვილს შორის მოხდა, რის შემდეგაც ეკა ბესელიამ ვანო ზარდიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, მას დაარტყა.