ეკა ბესელია - ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით კითხვებს პასუხი უნდა გასცეს გამოძიებამ და არა პოლიტიკოსებმა
ეკა ბესელია - ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით კითხვებს პასუხი უნდა გასცეს გამოძიებამ და არა პოლიტიკოსებმა

ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით კითხვებს პასუხი უნდა გასცეს გამოძიებამ და არა პოლიტიკოსებმა, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ ვანო მერაბიშვილის ადვოკატის განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა.

როგორც ბესელიამ განაცხადა, ევროპის სასამართლოში ამ დროისთვის აღსრულების პროცესი მიმდინარეობს და სტრასბურგის სასამართლოს მინისტრთა კომიტეტში მერაბიშვილის საქმის მოსმენა დეკემბერში გაიმართება.

„ყველა ინფორმაცია მოწმდება უკვე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მინისტრთა კომიტეტის მიერ არც ერთი საკითხი არ რჩება ღიად. არ ვარ პროცესის მონაწილე და არ შეიძლება ვიცოდე დეტალები. ამ დეტალებზე იმსჯელონ მხარეებმა, ამტკიცონ სასამართლოში. აქ ხელისუფლებას წარმოადგენს იუსტიციის სამინისტრო, რომელიც მინისტრთა კომიტეტს უგზავნის ინფორმაციას. ასე რომ, ყველა ფაქტი გახდება ღია. ყველა კითხვას პასუხი უნდა გასცეს გამოძიებამ და არა პოლიტიკოსმა“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა დღეს განაცხადა, რომ უკანასკნელ პერიოდში გავრცელებული აუდიოჩანაწერები ნათლად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ივანე მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის ფაქტის გამოძიება და შიდა მოკვლევა გაყალბებული იყო.