ეკა ბესელია - ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის საკითხი დღის წესრიგში არ დგას
ეკა ბესელია - ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის საკითხი დღის წესრიგში არ დგას

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის საკითხი დღის წესრიგში არ დგას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდის მხარდაჭერილმა კანდიდატმა მოსახლეობის უმრავლესობის ხმა მიიღო, ხოლო „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლებაში დაბრუნებაზე ამომრჩეველმა უარი უთხრა.

„მოსახლეობის უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ უარი უთხრას​ მოთხოვნებზეც, მათ კანდიდატზეც და ხელისუფლებაში დაბრუნებაზეც. ჩვენმა მხარდაჭერილმა კანდიდატმა მოსახლეობის უმრავლესობის ხმა მიიღო. ეს იმას ნიშნავს, რომ მანდატი არის უფრო ძლიერი, ვიდრე იყო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, რადგან უფრო მეტმა ამომრჩეველმა მოგვცა ხმა. შესაბამისად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის საკითხი დღის წესრიგში არ დგას.

აქ საკითხი შეიძლება შეეხებოდეს და რაციონალური იქნება ვილაპარაკოთ იმ რეკომენდაციების გათვალისწინებაზე, რომელზეც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები საუბრობენ და, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობას ეხება. საარჩევნო კანონმდებლობაზე ჩვენ დიალოგს გავმართავთ ყველა დაინტერესებულ მხარესთან“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

გაერთიანებულმა ოპოზიციამ 19 ნოემბერს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება მოითხოვა.