ეკა ბესელია – ვადამდელი არჩევნების დანიშვნა პრეზიდენტის პრეროგატივაა, თუმცა მას ეს უფლება ეზღუდება თუ პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე 6 თვეა დარჩენილი
როგორ დაინიშნება ვადამდელი არჩევნები, როცა კონსტიტუციით ეს აკრძალულია. პოლიტიკოსებმა ჯერ კონსტიტუციას უნდა ჩახედონ, ვიდრე მოთხოვნას გააჟღერებენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ ოპოზიციის მოთხოვნების საპასუხოდ განაცხადა, რომლებიც მთავრობის გადაყენებას და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ.
ბესელიას განმარტებით, ვადამდელი არჩევნების დანიშვნა პრეზიდენტის პრეროგატივაა, თუმცა მას ეს უფლება ეზღუდება, თუ პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე 6 თვეა დარჩენილი.
„იმ პოლიტიკურ პარტიებს მინდა ვუპასუხო ვინც მთავრობის გადაყენების მოთხოვნას აყენებს. მათ რა ლეგიტიმაცია აქვთ, უკაცრავად, რომ ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება მოხდეს? რომელ არჩევნებში მიიღეს მოსახლეობის ის მხარდაჭერა, რომელმაც უნდა გადაძალოს მმართველი პარტიის ამომრჩეველთა მხარდაჭერა. მაინტერესებს მაჭუტაძის, ქარდავას და სხვების მოთხოვნით უნდა მოხდეს მთავრობის გადადგომა? როგორ დაინიშნება ვადამდელი არჩევნები, როცა კონსტიტუციით ეს აკრძალულია. პოლიტიკოსებმა ჯერ კონსტიტუციას უნდა ჩახედონ, ვიდრე მოთხოვნას გააჟღერებენ. იქ წაიკითხავდნენ, რომ პრეზიდენტის პრეროგატივაა ვადამდელი არჩევნების დანიშვნა. მას ეს უფლება ეზღუდება თუ პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე 6 თვეა დარჩენილი“,- განაცხადა ეკა ბესელიამ.