ეკა ბესელია - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სია, მცირე გამონაკლისის გარდა, მიუღებელი და საგანგაშოა
ეკა ბესელია - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სია, მცირე გამონაკლისის გარდა, მიუღებელი და საგანგაშოა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩეული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა 20-კაციანი სიიდან, ხუთი გვარი მეორდება იმ 10-კაციანი სიიდან, რომელიც პარლამენტში იყო წარდგენილი, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ განაცხადა.

მისი თქმით, მცირე გამონაკლისის გარდა, აღნიშნული სია მიუღებელია.

„ველოდებოდი, რომ ამ სიაში იქნებოდა რამდენიმე ის გვარი და ხუთი გვარი მეორდება 10-კაციანი სიიდან. ამას დაემატა კიდევ რამდენიმე მძიმე გვარი, რომლებიც თავისი საქმიანობით, მძიმე და უსამართლო გადაწყვეტილებებს უკავშირდებიან. მცირე გამონაკლისის გარდა, ეს სია არის მიუღებელი ქვეყნის მართლმსაჯულების განვითარებისთვის, სამართლიანობის იდეისთვის. პირდაპირ ეწინააღმდეგება პირველ ოქტომბერს, იმას, რასაც ჩვენ ხალხს დავპირდით. ეს არის ძალიან საგანგაშო სია“, – განაცხადა დამოუკიდებელმა დეპუტატმა.

მისი თქმით, კანდიდატებთან გასაუბრებისას ცხარე და მწვავე დისკუსია შედგება.

„საოცარია, ამ 20-კაციან სიაში იყოს შოთა გეწაძე, რომელიც გახლდათ ერთ-ერთი მოსამართლე, როდესაც „ქართული ოცნების” დღევანდელ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობა ჩამოართვეს და მე და შალვა თადუმაძე ვიცავდით მაშინ ივანიშვილის ინტერესებს. გეწაძე იყო მოსამართლე და ამ ორი გვარის ერთად 20-კაციან სიაში მოხვედრა დისკომფორტს როგორ არ ანიჭებს გენერალურ პროკურორს დღეს? ეს კითხვა მასთანაც მექნება“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტში წარსადგენად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატი გუშინ კენჭისყრის შედეგად შეარჩია.