ეკა ბესელია - უხერხულია, რომ მაია ცქიტიშვილს ხან წამების კადრებზე ეცინება, ხან ფარული ჩანაწერების გავრცელების თემით იღლება
ეკა ბესელია - უხერხულია, რომ მაია ცქიტიშვილს ხან წამების კადრებზე ეცინება, ხან ფარული ჩანაწერების გავრცელების თემით იღლება

უხერხულია, რომ მაია ცქიტიშვილს ხან წამების კადრებზე ეცინება, ხან ფარული ჩანაწერების გავრცელების თემით იღლება, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.

ამასთნ, ეკა ბესელია მაია ცქიტიშვილის განცხადებებს, რომ ფარული ჩანაწერების გავრცელების საქმე გახსნილია, უპასუხისმგებლოს უწოდებს.

„რვა თვეზე მეტი გავიდა, რაც ორჯერ გავრცელდა უკანონო ფარული ჩანაწერები ჩემთან დაკავშირებით, დღემდე არაა გამოძიებული ეს საქმე. მაია ცქიტიშვილს პრემიერმა ან ვინმემ ყურში მაინც ჩასჩურჩულოს და უთხრას, რომ ნუ აკეთებს ასეთ ბეც და უპასუხისმგებლო განცხადებებს, თითქოს საქმე გახსნილია. მიუხედავად საჯარო დაპირებისა, არაა გამოძიებული ეს საქმე. თურმე დღემდე ვერ დაადგინეს ის ადამიანი, ვინც პირველმა განიზრახა და რატომ განიზრახა ამის გაკეთება. პასუხისგებაში შერჩევით მისცეს ახალგაზრდები, რომლებიც ნებით თუ უნებლიედ ჩაერთნენ ამ უკანონო ჩანაწერის ნახვაში, თუმცა ვინ ჩაიდინა ეს დანაშაული, დღემდე პროკურატურას არ გამოუძიებია.

ვურჩევ მათ, დაადგინონ ის, რაც უკვე გაცხადებულია, რაზეც მე თავად ვისაუბრე. გამოიძიონ ინგა გრიგოლიას ფაქტი, ეკა მიშველაძის, სადაც ადამიანები თავად საუბრობენ ამ თემებზე. ის, ვინც ვერ ბედავს, რომ ისაუბროს და მე ჩუმად მელაპარაკება, თუ ეს ადამიანები გაბედავენ, ამაზე თავად ისაუბრონ, მე ამას შემდეგ დავადასტურებ. რვა თვეზე მეტია, ველოდები და ვერ გამოიძიეს ის საქმე, სადაც ყველაფერი ხელის გულზე იყო. თავი დავანებოთ ამ ტაკიმასხარაობას და არასერიოზულობას. კეთილი ინებოს და ყველა უწყებამ თავის საქმეს მიხედოს. პარლამენტის წევრმა ის მაინც უნდა გააკეთოს, ჩახედოს დეპუტატის უფლებებს.

ვინმემ ურჩიოს მაია ცქიტიშვილს, რომ ამ თემაზე არ ილაპარაკოს ან სისულელე არ ილაპარაკოს. სიბრიყვეა, უხერხულია, ხან წამების კადრებზე ეცინება, ხან ფარული ჩანაწერების გავრცელების თემით იღლება. არ არის ეს საქმე გახსნილი. შედით პრემიერთან და გეტყვით, რომ ვერ გახსნეს ან არ გახსნეს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ კატეგორიულად ემიჯნება ბრალდებებს, რომელიც ეკა ბესელიას ბოლო პერიოდში ახასიათებს. ამასთან, აღნიშნა, რომ გამოძიებამ დაადგინა პირადი ცხოვრების კადრების ჩამწერი პირების ვინაობა და დაისაჯნენ კადრების გამავრცელებელი პირებიც.