ეკა ბესელია - თუ უნდათ, კვოტები გაინაწილონ პროპორციულ სიასა და ბლოკებში, არ ჩავერთვები დიალოგში, სადაც საუბარია მაჟორიტარული ოლქების კვოტებით განაწილებაზე, ეს არასწორი მიდგომაა
ეკა ბესელია - თუ უნდათ, კვოტები გაინაწილონ პროპორციულ სიასა და ბლოკებში, არ ჩავერთვები დიალოგში, სადაც საუბარია მაჟორიტარული ოლქების კვოტებით განაწილებაზე, ეს არასწორი მიდგომაა

მაჟორიტარული არჩევნების მთავარი პრინციპი არის არა ის, რომელ პარტიას უფრო მეტი მხარდაჭერა აქვს მოსახლეობაში, არამედ რამდენად ძლიერი და მისაღებია კანდიდატი, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ განაცხადა ოპოზიციის მიერ საარჩევნოდ მაჟორიტარი კანდიდატების შერჩევასთან დაკავშირებით.

ბესელიას ოპოზიციაში მაჟორიტარული ოლქების კვოტებით განაწილების პრინციპი სწორად არ მიაჩნია.

„არ მიმაჩნია, რომ სწორია პრინციპი – მაჟორიტარული ოლქების კვოტებით განაწილება. ვინც ასე საუბრობს, ამ მოსაზრებას არ ვეთანხმები, რადგან მაჟორიტარული არჩევნების მთავარი პრინციპი არის არა ის, რომელ პარტიას უფრო მეტი მხარდაჭერა აქვს მოსახლეობაში, არამედ კანდიდატი რამდენად არის ძლიერი და მისაღები. როცა საუბარია კონსენსუსზე, გარკვეული შეთანხმების გზით პროცესის წარმართვაზე, აქ მნიშვნელოვანია, ვინ შეიძლება, იყოს უკეთესი კანდიდატი, ამ სქემას, რომ ვისმენთ ზოგიერთი პოლიტიკოსისგან, რომ კვოტები გავანაწილოთ. თუ უნდათ, კვოტები გაინაწილონ პროპორციულ სიაში და ბლოკებში. ამიტომ ასეთი მიდგომა პრინციპულად არასწორი მგონია და ასეთ დიალოგში არ ჩავერთვები, სადაც საუბარია კვოტების განაწილებაზე. ეს სრულიად არასწორი მიდგომაა. აქ მნიშვნელოვანია სახელი და გვარი, ვინ შეიძლება, იყოს უკეთესი კანდიდატი. ამაზე შეიძლება, იყოს დისკუსია და მსჯელობა“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ამასთან, ეკა ბესელიას თქმით, ის აკვირდება პროცესებს და მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს.

„რაც შეეხება ჩემს გადაწყვეტილებას, არ ვჩქარობ, მაგრამ ვფიქრობ. ვაკვირდები პროცესებს და არ გამოვრიცხავ, მათ შორის, მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობას, რადგან მიმაჩნია, ეს არის ახალი პარტიებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, მეტი ამომრჩევლის მობილიზება მოვახერხოთ საარჩევნო დღეს. ჯერ გადაწყვეტილი არ მაქვს, თბილისის ოლქზე ვფიქრობ“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.