ეკა ბესელია თინა ბოკუჩავას ურჩევს, სასამართლოს მიმართოს
ეკა ბესელია თინა ბოკუჩავას ურჩევს, სასამართლოს მიმართოს

მიბრძანდეს  დამოუკიდებელ სასამართლოში და იჩივლოს, იქ იპოვის  დოკუმენტებს, სადაც ეს ფაქტი ფიგურირებს,- ასე ეხმაურება  იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია თინა ბოკუჩავასთან მომხდარი დაპირისპირების ფაქტს.

ეკა ბესელიას თქმით, სახელმწიფო დაცვის სამსახურის ბიუჯეტის დოკუმენტაციაში არსებობს ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც ჩანს, რომ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში თინა ბოკუჩავას სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე საჩუქრები ეგზავნებოდა.

ბესელიას თქმით,  როდესაც ბოკუჩავა მის კორუფციაში ჩართულობაზე საუბრობს და ვერ ასახელებს ვერცერთ კონკრეტულ ფაქტსა და მტკიცებულებას, საპასუხოდ არსებობს მტკიცებულებები, რომ  თავად, ძვირფას საჩუქრებს იღებდა ყოფილი პრეზიდენტისგან.

„ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, როდესაც სახელმწიფო დაცვის სამსახურის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის დოკუმენტაცია იქნა გამოთხოვილი,  აღმოჩნდა ბევრი ნაცნობი სახელი და გვარი, მათ შორის ერთ-ერთი იყო ბოკუჩავაც, რომელსაც სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეგზავნებოდა საჩუქრები, ძვირფასი ნივთები. იმ საქმეზე სააკაშვილს ბრალი დაედო და განაჩენიც გამოტანილია.  საჩუქრების საერთო რაოდენობა და კიდევ სხვა თანხები, რომლებსაც სააკაშვილი პირადი მიზნებისთვის იყენებდა, 8 მილიონს გაცდა. როდესაც ქალბატონი ბოკუჩავა ცილისმწამებლურად, ზოგადად საუბრობს  კორუფციაზე და ფაქტი არ აქვს, მე კონკრეტული ფაქტი დავუსახელე და ვკითხე აეხსნა, რატომ იღებდა  საჩუქრებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაცემული თანხით“, – განაცხადა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

აღნიშნულის დასადასტურებლად ეკა ბესელიამ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე შესაბამისი დოკუმენტიც გამოაქვეყნა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს პრეზიდენტის დავალებით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის მიერ შპს „ზარაფხანაში“ შეძენილია სამკაული, კერძოდ, კულონი და ცეფი, რომელიც გადაეცა პრეზიდენტს სტუმრის, თიკა ბოკუჩავას დასასაჩუქრებლად.

მთავარი პროკურორის კანდიდატურის განხილვისას, ტრიბუნაზე გამოსვლის დროს თინა ბოკუჩავამ ეკა ბესელიას კორუფციაში დასდო ბრალი, რის საპასუხოდაც იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ თქვა, რომ ბოკუჩავამ მიხეილ სააკაშვილისგან საჩუქრად ოქროს სამაჯური მაშინ მიიღო,  როდესაც ის ჯერ კიდევ არ იყო პარტიის წევრი და სულ სხვა პოზიციაზე მუშაობდა. ამას დეპუტატებს შორის  სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.