ეკა ბესელია – შინაარსის განხილვამდე, უნდა დადგინდეს, არის თუ არა ეს ჩანაწერები ავთენტური და კანონიერი
მთელ ამ პროცესებს მე, როგორც იურისტი პოლიტიკურ და სამართლებრივ ჭრილში ვუყურებ და კითხვას ვსვამ, არის თუ არა ეს ჩანაწერები ავთენტური და კანონიერი,- ამის შესახებ ეკა ბესელიამ ზაზა ოქუაშვილის მიერ გავრცელებული ფარული ჩანაწერების შესახებ კომენტირებისას განაცხადა.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ფარული ჩანაწერების გავრცელება „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური დღის წესრიგია, რათა ქვეყანაში დესტაბილიზაცია და ქაოსი შეიქმნას.
„მთელი ეს სერიალი მგონი, არის პოლიტიკური დღის წესრიგი, მაგრამ მოდით, სამართლებრივ ჭრილში შევხედავ ამ პროცესებს. არც იმ პერიოდში, როდესაც ჩვენ სააკაშვილის შეცვლას ვცდილობდით და არც ახლა, ჩვენს პერიოდში, როდესაც მე მგონი, ვხედავთ ყველანი, რამდენად დიდი განსხვავებაა, არ მიმაჩნდა, რომ ნორმალური და ჯანსაღია ფარული ჩანაწერების სერიალებად ჩვენება. სისხლის სამართლის კოდექსში არის ძალიან მნიშვნლოვანი მუხლი, რომლის სანქციაც გავამკაცრეთ, რათა ფარული ჩანაწერებით ომი დასრულდეს ოდესმე. ვთქვით, რომ უკანონო ჩანაწერების როგორც მოპოვება, ასევე გავრცელება არის აკრძალული და არის დასჯადი. ამიტომ, ვიდრე მისი შინაარსის შესახებ მკითხავთ, მე ვსვამ პირველ კითხვას, მაინტერესებს ამ ჩანაწერების ავთენტურობა და კანონიერება. მე ამ კითხვაზე მინდა პასუხი მივიღო, არის ეს კანონიერი ჩანაწერი თუ არა , არის ეს სასამართლოს ბრძანებით განხორციელებული ჩანაწერი თუ არა. ეს კითხვები თქვენც უნდა დასვათ, ვიდრე ასეთი მასალა გავა ეთერში. იქამდე მე არ გადავალ შინაარსზე, რადგან როგორც იურისტისთვის, არსებობს გადაულახავი ბარიერი, რომელსაც არ გადავაბიჯებ. თუ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ და ტელევიზია ამ სტანდარტს არ დაიცავს, მოქალაქეების უფლებებს ვერ დავიცავთ და ერთ მშვენიერ დღეს შესაძლოა, თქვენი ნებისმიერი გვარი გაჟღერდეს ასეთ ჩანაწერებში. პლიტიკურ დღის წესრიგს რაც შეეხება, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ პირდაპირი სცენარი, შექმნას ქვეყანაში დესტაბილიზაციის, არეულობის, ქაოსის წინაპირობები, რადგან ვერ წარმოუდგენია თავისუფალ არჩევნებში გამარჯვება “,- განაცხადა ეკა ბესელიამ.