ეკა ბესელია - შემოქმედებით ნაწარმოებთან დაკავშირებით "სამოქალაქო საპროცესო კოდექსში" ახალი კონსტიტუციის ჩანაწერის ასახვა ხდება და განსხვავებული არაფერია, რაც კონსტიტუციის მეოცე მუხლში წერია 
ეკა ბესელია - შემოქმედებით ნაწარმოებთან დაკავშირებით "სამოქალაქო საპროცესო კოდექსში" ახალი კონსტიტუციის ჩანაწერის ასახვა ხდება და განსხვავებული არაფერია, რაც კონსტიტუციის მეოცე მუხლში წერია 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია განმარტავს, რომ შემოქმედებით ნაწარმოებთან დაკავშირებით “სამოქალაქო საპროცესო კოდექსში” ახალი კონსტიტუციის ჩანაწერის ასახვა ხდება და განსხვავებული არაფერია იმისაგან, რაც კონსტიტუციის მეოცე მუხლში წერია.

როგორც ჟურნალისტებს ბესელიამ განუცხადა, კანონმდებლობასთან კონსტიტუციის ჰარმონიზაციის პროცესი მიმდინარეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ კონსტიტუციური ნორმების ამოქმედება და ცვლილებების შეტანა ასეულობით კანონში მოხდება.

„საგანგებო კომენტარს მათთვის ვაკეთებ, ვისაც ან დრო არ აქვს, რომ კონსტიტუციაში ერთი ფრაზა წაიკითხოს, ან სურვილი არ აქვს, ან არ ვიცი, რა არ აქვს. გამაოცა იმან, ინიცირებულ პროექტთან დაკავშირებით კითხვები რატომ გაჩნდა. ეს ცვლილებები არის მხოლოდ კონსტიტუციური ჩანაწერის აბსოლუტურად ზუსტი, იდენტური შინაარსით გადმოტანა და განსხვავებული არაფერია იმისაგან, რაც კონსტიტუციის მეოცე მუხლში ჩავწერეთ. კანონმდებლობასთან კონსტიტუციის ჰარმონიზაციის პროცესი მიმდინარეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ კონსტიტუციური ნორმების ამოქმედება და ცვლილებების შეტანა ასეულობით კანონში მოხდება. ეს ამ პროცესშია მომზადებული ერთ-ერთი ტექნიკური ცვლილებაა. ტექნიკური იმიტომ ჰქვია, რომ არაფერი იცვლება. ეს არის კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რომელიც უკვე მიღებულია. ინიცირებულ პროექტში ზუსტად იგივე წერია, წინადადება გადმოტანილია და არაფერია დამატებული. განცხადებები იმ სფეროს ადამიანებისგან მიკვირს, ვინც წესით, ამ კანონს უნდა იცნობდეს. ანუ, არაფერი შეცვლილა. ეს ჩანაწერი ბოლო ცვლილებებისას გაჩნდა, სადაც მონაწილეობდნენ არასამთავრობოები, ექსპერტები. მგონია, რომ მათ ის ფორმულირება წაკითხული აქვთ, რაც კონსტიტუციაშია ჩაწერილი. ჩვენც რაც გადმოვიტანეთ, ეს კონსტიტუციაში ზუსტადაა და დამატებული ერთი სიტყვაც კი არ არის. თუ სასამართლო არ იტყვის, რომ ეს უფლება შეიძლება შეიზღუდოს, ვერავინ ვერ შეზღუდავს”, – განმარტავს ბესელია.

ახალი კონსტიტუციის მეოცე მუხლში წერია, რომ შემოქმედების თავისუფლება უზრუნველყოფილია. ინტელექტუალური საკუთრების უფლება დაცულია. ასევე შემოქმედებით პროცესში ჩარევა, შემოქმედებითი საქმიანობის სფეროში ცენზურა დაუშვებელია.

ამასთან, კონსტიტუციაში აღნიშნულია, რომ შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვა დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ნაწარმოების გავრცელება ლახავს სხვათა უფლებებს.

ეკა ბესელიასა და ლევან გოგიჩაიშვილის მიერ “სამოქალაქო საპროცესო კოდექსში” მომზადებულ ცვლილებების პროექტში ნათქვამია, რომ შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვა დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ნაწარმოების გავრცელება ლახავს სხვათა უფლებებს.