ეკა ბესელია - შემდეგი კვირიდან პრემიერს შესაძლებლობა ექნება, განახლებული სამთავრობო შემადგენლობა წარმოადგინოს
ეკა ბესელია - შემდეგი კვირიდან პრემიერს შესაძლებლობა ექნება, განახლებული სამთავრობო შემადგენლობა წარმოადგინოს

საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აცხადებს, რომ მთავრობაში სტრუქტრულ ცვლილებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვას პარლამენტი მოკლე დროში დაიწყებს და მიმდინარე კვირაში როგორც საკომიტეტო, ისე სასესიო განხილვები გაიმართება.

„ბიუროზე დღეს პაკეტი შემოვა და არა მთავრობის ახალი შემადგენლობა. დღეს ჩვენ განხილვას ძალიან მოკლე დროში დავიწყებთ. ამ კვირაში იგეგმება სწორედ სამთავრობო სტრუქტურული ცვლილებების ამსახველი დიდი კანონპროექტის განხილვა. საკმაოდ ბევრი ცვლილება ახლავს თან. სამინისტროების გაერთიანების შედეგად, მთავრობის მხრიდან ახალი ფორმულაა შემოთავაზებული. ამ კვირაში ჩვენ საკომიტეტო მოსმენებს და სასესიო განხილვებს დავიწყებთ. შემდეგი კვირიდან, როცა კანონი მიღებული იქნება, პრემიერ-მინისტრს უკვე შესაძლებლობა ექნება, განახლებული სამთავრობო შემადგენლობა წარმოადგინოს“, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.

რაც შეეხება მცირე მთავრობის მოდელის მოსალოდნელ შედეგებს, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ შედეგი შესაძლოა, უფრო მოქნილი და ეფექტიანი სისტემა იყოს.

„შედეგი პირველ რიგში შეიძლება იყოს ის, რომ მართვის სისტემა უფრო მეტად მოქნილი და ეფექტიანი გახდეს, რისი მიზანიც არის, რომ კონკრეტული შედეგით მოქალაქეს მოემსახუროს და ჩვენმა მოქალაქეებმა იგრძნონ არამარტო გარკვეული ოპტიმიზაციის თუ ადმინისტრაციული რესურსის დაზოგვა, არამედ გადაწყვეტილების სისწრაფე, მართვა გაცილებით მოქნილი იყოს და ადმინისტრირება ეფექტიანი. ამიტომ, რაც ორგანულია, ის უწყებები შეიძლება ერთად დავინახოთ. მთავარი სწორი მართვა და ადმინისტრირებაა“, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.

რაც შეეხება დევნილთა სამინისტროს გაუქმებას, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ სამინისტროს მთავარი პოლიტიკური მანდატი ცვლილებების შემდეგაც შენარჩუნდება.

„მე ყოველთვის მიზნიდან გამომდინარე ამოვდივარ. ამ საკითხზე ძალიან ბევრი ვიმსჯელეთ. არ ვიტყოდი, რომ დევნილთა სამინისტრო უქმდება. უფრო მისი ფუნქციების შერწყმა სხვადასხვა სამინისტროსთან ხდება. ის მთავარი პოლიტიკური მანდატი, რომელიც ამ სამინისტროს აქვს, შენარჩუნდება. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხია. მახსოვს, პრემიერთან ერთად ყველაზე მეტი ამ საკითხზე ვიმსჯელეთ და ყველამ გავიზიარეთ მოსაზრება, რომ ეს სამინისტრო კი არ უნდა გაუქმდეს, მისი მანდატის გადანაწილება უნდა მოხდეს. ინფრასტრუქტურაში მშენებლობის ნაწილის, პოლიტიკური კონტექსტი და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხები ნაწილობრივ შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში, ხოლო ასევე მისი მანდატი იქნება ჯანდაცვის სამინისტროში. ასე რომ, მისი საქმიანობა პრიორიტეტული იქნება, მაგრამ ფუნქციები – გადანაწილებული სხვადასხვა უწყებაში“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.