ეკა ბესელია - შეიარაღებული ძალების, ჯარისკაცების ჩართვა პოლიტიკურ პროცესში არის ანტისახელმწიფოებრივი საქმე
ეკა ბესელია - შეიარაღებული ძალების, ჯარისკაცების ჩართვა პოლიტიკურ პროცესში არის ანტისახელმწიფოებრივი საქმე

შეიარაღებული ძალების, ჯარისკაცების პოლიტიკურ პროცესში ჩართვა და მათი გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის, არის ყველაზე დიდი დანაშაული და ანტისახელმწიფოებრივი საქმე, – ამის შესახებ პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, რასაც ახლა „ნაციონალური მოძრაობა“ შეიარაღებულ ძალებთან მიმართებაში აკეთებს, წითელი ხაზის გადაკვეთაა.

„შეიარაღებული ძალების, ჯარისკაცების, სამხედროების ჩართვა პოლიტიკურ პროცესში, მათი გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის, არის ყველაზე მძიმე დანაშაული, ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეროვნული საქმე. ჩვენ მოვახერხეთ ჯარის დეპოლიტიზება. მახსოვს პერიოდი, როცა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ ჯარს იყენებდა. ჯარისკაცები, რომლებიც ომის დღეებში ქვეყანის მთლიანობას იცავდნენ საკუთარი სიცოცხლის ფასად, მთავარსარდალმა მიატოვა და იმ დღეებში მიწაზე ფორთხავდა. სხვა პასუხისმგებელი პირებიც, ვინ სად გარბოდნენ, კარგად ვნახეთ. შემდეგ უკვე ზოგი ჯარისკაცი დეზერტირობისთვის გაასამართლეს, ზოგი ჯაშუშობისთვის და სამშობლოს ღალატისთვის. ჯარისკაცებში განხეთქილებისა და ცრუ ინფორმაციის შეტანა, ეს უკვე წითელი ხაზების გადაკვეთაა“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.