ეკა ბესელია - შალვა თადუმაძის ბიოგრაფია განსხვავებულია იმ ადამიანებისგან, რომლებიც კლანის წარმომადგენლები არიან, მაგრამ ჩემთვის ძალიან სამწუხარო მოსასმენი იყო მისი პასუხები
ეკა ბესელია - შალვა თადუმაძის ბიოგრაფია განსხვავებულია იმ ადამიანებისგან, რომლებიც კლანის წარმომადგენლები არიან, მაგრამ ჩემთვის ძალიან სამწუხარო მოსასმენი იყო მისი პასუხები

ვისურვებ, არც ერთი კითხვის ნიშანი არ დარჩეს კანდიდატთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება, გახდეს მოსამართლე, ასევე არც პროკურორთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ განუცხადა.

„შალვა თადუმაძეს ძალიან ბევრი წელია, ვიცნობ და მისი ბიოგრაფია ცოტა განსხვავებულია იმ ადამიანებისგან, ვინც ამ სიაში პირდაპირ, როგორც, ასე ვთქვათ, კლანის წარმომადგენლები არიან, მაგრამ ჩემთვის დღეს ძალიან სამწუხარო მოსასმენი იყო და ნამდვილად არ ველოდი ამ პასუხებს, რომ შალვას არ აქვს რაღაც უხერხულობა თუ დისკომფორტი, რომ იმ მოსამართლეებთან ერთად შეიძლება, მას მოუხდეს მართლმსაჯულების განხორციელება, ვისაც მიიჩნევდა, რომ იყვნენ პოლიტიკური დავალებების შემსრულებლები. ეს ძალიან პრინციპული საკითხია. საუბარი იმაზე, რომ კვალიფიციურობაა თურმე მთავარი და დიდი პატივია იმ ადამიანებთან ყოფნა სასამართლოში, ვინც თავის დროზე პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებდა, ეს არის ჩემთვის პრინციპულად მიუღებელი ფილოსოფია, რომელსაც არასოდეს ვიზიარებდი. მე პირადად არასოდეს გავიზიარებ და ვერასოდეს მივიღებ ამ სტანდარტს, განსაკუთრებით ისეთ გადაწყვეტილებასთან მიმართებით, რომელიც უკავშირდება მოსამართლის უვადოდ არჩევას“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კითხვაზე, შალვა თადუმაძის დიპლომთან დაკავშირებული ბრალდების დადასტურების შემთხვევაში, გამოდის თუ არა, რომ მის მიერ ხელმოწერილი ბრალის ყველა დადგენილება უნდა იყოს ბათილი, ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ დიპლომთან მიმართებით გაჩენილ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს და ანისთვის ყველა შესაძლებლობა უნდა იქნას გამოყენებული.

„კი, თუ დადასტურდება, დიპლომის საკითხი არის ის თემა, რომელმაც უნდა ამოწუროს ყველა ეტაპი, ყველა გზა, ყველა შესაძლებლობა, რაც კი შეიძლება, რომ ეჭვები არ დარჩეს. არსებობს ბრალდებები. მოვისმინეთ პასუხები, მაგრამ გარკვეული კითხვები საზოგადოებაში რომ რჩება, ვფიქრობ, თუკი საიდანმე შეიძლება, მოხდეს გადამოწმება, თუ გამოკვლევა ამ საკითხის, კითხვები უნდა მოიხსნას, რადგან არ შეიძლება ასეთი კითხვები დარჩეს არც მოსამართლის მიმართ. სხვათა შორის, უზენაეს სასამართლოში ჩვენ გვყავს​ მოსამართლე, რომლის დიპლომთან დაკავშირებითაც ისმებოდა ასეთი კითხვები და პარლამენტი ამაზე წლების განმავლობაში მუშაობდა, ვიკვლევდით. შეიძლება, გვყავს დღეს ასევე ამ პრობლემის მატარებელი გარკვეული საჯარო მოხელე, მაგრამ არც გენერალური პროკურორის მიმართუ უნდა იყოს მსგავსი კითხვები, არც უზენაეს სასამართლოს და არც რომელიმე ინსტანციის მოსამართლეს. თუ ეს ფაქტი დადასტურდება, დიპლომის კანონიერების საკითხი, მაშინ ყველა გადაწყვეტილება დადგება აბსოლუტურად კითხვის ნიშნის ქვეშ. ასე მგონია, კარგი იყო, რომ დღეს შალვამ ისაუბრა აბსოლუტურად ყველა დეტალზე, მაგრამ რაღაც საკითხები, როგორც ჩანს, მაინც დარჩა ღია. ვისურვებ, რომ არც ერთი კითხვის ნიშანი არ დარჩეს იმ ასარჩევ კანდიდატთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება, გახდეს მოსამართლე, არც პროკურორთან დაკავშირებით და არც მოსამართლესთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.