ეკა ბესელია - საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში ცვლილებები, მიღების შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდება
ეკა ბესელია - საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში ცვლილებები, მიღების შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდება

დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში შეზღუდვების დაწესების შესახებ კანონპროექტს ეწინააღმდეგება. ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ ცვლილებები სახიფათო და არაკონსტიტუციურია. ეკა ბესელიას თქმით, ასევე დაუშვებელია, მსგავსი ცვლილებების მიღება დაჩქარებულ რეჟიმში.

დამოუკიდებელი დეპუტატი მიიჩნევს, რომ საჭიროების შემთხვევაში კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვა მხოლოდ პარლამენტის ნებართვით უნდა მოხდეს

„ეს ინიციატივა არის არაკონსტიტუციური, კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს ეწინააღმდეგება, ასუსტებს პარლამენტის, როგორც მთავარი ინსტიტუტს როლს და საპარლამენტო მმართველობის პირობებში ეს არის პარლამენტის კონტროლისა და მისი როლის დასუსტების მატარებელი. ძალიან სახიფათოა და ბუნებრივია, ასეთ ინიციატივას მხარს ვერ დავუჭერ. ასევე მინდა გავამახვილო ყურადღება ფორმაზე. დაუშვებლად მიმაჩნია დაჩქარებული წესით, ორ დღეში ისეთი კანონპროექტის მიღება, რომელმაც შეიძლება მასიურად, პირთა განუსაზღვრელი წრის მიმართ შეზღუდოს ადამიანის უფლებები, რომელიც კონსტიტუციით არის გარანტირებული. ორ სამუშაო დღეში უნდა მიიღოს პარლამენტმა ხვალ და ზეგ ისეთი მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც ეხება ჩვენი მოსახლეობის უდიდეს ნაწილს და ეხება მათი უფლებების შეზღუდვის საკითხს. ასეთი დაჩქარებული განხილვა არის სრულიად დაუშვებელი, არ შეიძლება დისკუსიის, მსჯელობის, კარგად გააზრების გარეშე ასეთი კანონის მიღება. არასდროს მახსენდება ადამიანის უფლებების შეზღუდვას ეხებოდეს კანონპროექტი, სისხლის სამართლის პროცესში შედიოდეს ცვლილება და მას არ განიხილავდეს საერთოდ იურიდიული და ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტი. არ მახსენდება, მესამე მოწვევის პარლამენტში ვარ და მსგავსი პრეცედენტი არ დაშვებულა, რაც ასევე წარმოუდგენელი უპასუხისმგებლობა მგონია და ძალიან ცუდ სურათს ქმნის მთლიანობაში. თუ ეს იმიტომ კეთდება, რომ სწრაფად და ძალიან ფორსირებულად მოხდეს ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილების მიღება და ამიტომ არ იკრიბება ის ორი კომიტეტი, რომელთაგან ერთ-ერთი წამყვანი უნდა იყოს წესით და არა ჯანდაცვის კომიტეტი, ეს იმას ნიშნავს, რომ კიდევ უფრო მძიმედ გამოიყურება პარლამენტში უმრავლესობა. ეს პროექტი, რომელიც არავითარ დასაბუთებას არ შეიცავს, არავითარ პასუხს არ იძლევა კითხვაზე, რატომ აძლევს პარლამენტი მთავრობას უფლებას, საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეზღუდოს კონსტიტუციური უფლებები, რა უშლის პარლამენტის ხელს შეიკრიბოს მაშინ, თუკი ამის საჭიროება იქნება. თუ ჯანმრთელობის დაცვის ლოზუნგით კეთდება ასეთი არადემოკრატიული გადაწყვეტილება, რომ პარლამენტის შეკრების გარეშე მთავრობას ნებისმიერ დროს, როცა ის ჩათვლის საჭიროდ მოსახლეობის ვირუსისგან დაცვის მიზნით მასიურად შეზღუდოს კონსტიტუციური უფლებები, მაშინ რაღად გვინდა კონსტიტუცია, სადაც გვიწერია, რომ თუ ასეთი შემთხვევა ხდება, პარლამენტი აცხადებს საგანგებო მდგომარეობას, გარკვეული ვადით იზღუდება მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებები. ეს კანონპროექტი ამბობს, რომ პარლამენტის თანხმობა საჭირო არ არის, მთავრობას ისედაც შეუძლია შეზღუდოს ძირითადი კონსტიტუციური უფლებები, როგორიც არის გადაადგილება, შეკრების უფლება, საკუთრების უფლება და აშ. რაც ბუნებრივია, ზრდის თვითნებობის და ადამიანის უფლებების დარღვევის რისკს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ეკა ბესელია კოლეგებს მოუწოდებს, ცვლილებებს მხარი არ დაუჭირონ.

„ეს არის ნაბიჯი ავტორიტარული მმართველობისკენ და არა დემოკრატიისკენ. ამიტომ მოვუწოდებ პარლამენტის წევრებს, კარგად წაიკითხონ ეს კანონპროექტი, რას უნდა მისცენ ხმა ხვალ. როცა იგეგმება ორი მოსმენით განხილვა, გაიაზრონ, რამდენად საფრთხის შემცველია ასეთი კანონის არსებობა ქვეყანაში და რამდენად არაკონსტიტუციურია და დარწმუნებული ვარ, ეს კანონი მიღების შემთხვევაში გასაჩივრდება საკონსტიტუციო სასამართლოში, ის უდაოდ არაკონსტიტუციურია, ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. არ შეიძლება ასეთი კანონის მიღება, უნდა გადაიდოს მისი განხილვა და უნდა თქვას მთავრობამ, რაში შეუშალა მას ხელი, რაიმე პრობლემა არის მოქმედ კანონში, რომ მათ უნდათ რაღაცის გაკეთება და ვერ გააკეთეს? მაშინ მივუბრუნდეთ ამ საკითხს, რა პრობლემა აქვს რომელიმე ჩანაწერს. ის, რომ პარლამენტი საერთოდ გავაუქმოთ, არ არსებობდეს, როგორც მაკონტროლებელი, ასეთი რამ თავში ვის მოუვიდა აზრად, მართლა გამაოგნებელია ჩემთვის“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.