ეკა ბესელია - საზოგადოებრივ მაუწყებელს უდავოდ სჭირდება რეფორმების პროცესში მხარდაჭერა
ეკა ბესელია - საზოგადოებრივ მაუწყებელს უდავოდ სჭირდება რეფორმების პროცესში მხარდაჭერა

ვფიქრობ, საზოგადოებრივ მაუწყებელს უდავოდ სჭირდება რეფორმების პროცესში მხარდაჭერა და ამ რეფორმების სწორად წარმართვის პროცესში საკანონმდებლო შეშველება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი დადებითად შეაფასა ევროპის მაუწყებელთა კავშირმა.

„ჩვენ უნდა დავეხმაროთ ტელევიზიას, რომელსაც ბიუჯეტიდან აქვს დაფინანსება, რომ ის ამართლებდეს მიზანს, რომლისთვისაც არსებობს. ეს ცვლილებები მიმართულია იქითკენ, რომ ტელევიზიას ჰქონდეს არა წინააღმდეგობრივი საკანონმდებლო ბაზა, არამედ ჰქონდეს გამართული სამართლებრივი ნორმები. ჩვენ გვაქვს ევროპის მაუწყებელთა კავშირის ძალიან მაღალი შეფასება ამ ცვლილებების მიმართ. ისინი ამბობენ, რომ ეს არის ტელევიზია, რომელსაც შეიძლება თუნდაც ეს მინიმალური სამართლებრივი მხარდაჭერა კანონის დონეზე ჰქონდეს. აქ არაფერი მოდის საერთაშორისო სტანდარტებთან წინააღმდეგობაში. კარგი ექსპერტიზა აქვს გავლილი ევროსაბჭოსა და ექსპერტების მხრიდან“, – აღნიშნა ბესელიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი დღეს მეორე მოსმენით 85 მომხრე ხმით, ექვსის წინააღმდეგ დაამტკიცა.