ეკა ბესელია „ნაციონალურ მოძრაობას“ - რომელი საზოგადოების სახელით ლაპარაკობთ, ცხრა წლიდან ჯერ თქვენ გამოდით და შემდეგ შეგვახსენეთ ჩვენ, რომ უნდა გამოვიდეთ
დღეს კოლექტიური მოძალადეები მსხვერპლს ეუბნებით – რატომ ხართ მსხვერპლის როლში, რატომ გადაირიცხა ის ფული? ხალხო, არ გრცხვენიათ?!, – ასე მიმართა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ „ნაციონალურ მოძრაობას“, რითაც მამუკა ბახტაძის მხრიდან „ნაციონალური მოძრაობისთვის“ გადარიცხულ 20 000 ლარის საკითხს გამოეხმაურა.
„საზოგადოება 2012 წლის ბოლომდე იყოფოდა ასე – მოძალადეები და მსხვერპლი. კომიკურ სიტუაციაში ხართ. თქვენ ახლა ეუბნებით და პასუხს სთხოვთ მამუკა ბახტაძეს, რატომ გადაირიცხა ეს 20 000 ლარი? 2011 წელს, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის განცხადება რომ გააკეთა, ორ დღეში ჩამოართვით მოქალაქეობა. მის სასამართლო პროცესზე მე და შალვა თადუმაძე რომ გამოვდიოდით, შეგვიყვანეთ სასამართლო დარბაზში, სადაც სამი ადამიანი თუ დაეტეოდა. კანონები გააუქმეთ და შეცვალეთ, „ქართუ ბანკი“ დააყადაღეთ. ისე ამოატრიალეთ სამართლებრივი სივრცე, ავტორიტარულ ქვეყნებშიც არ ხდებოდა ასე. დღეს, კოლექტიური მოძალადეები მსხვერპლს ეუბნებით – რატომ ხართ მსხვერპლის როლში, რატომ გადაირიცხა ის ფული? ხალხო, არ გრცხვენიათ? ან რომელი საზოგადოების სახელით ლაპარაკობთ? ცხრა წლიდან ჯერ თქვენ გამოდით და შემდეგ შეგვახსენეთ ჩვენ, რომ უნდა გამოვიდეთ“, – განაცხადა ბესელიამ.