ეკა ბესელია - სასამართლოსთან დაკავშირებით ისეთ ეტაპზე გადავედით, რომელიც ქვეყნის მომავლისთვის საფრთხის შემცველია
ეკა ბესელია - სასამართლოსთან დაკავშირებით ისეთ ეტაპზე გადავედით, რომელიც ქვეყნის მომავლისთვის საფრთხის შემცველია

სასამართლოსთან დაკავშირებით ბოლო გადაწყვეტილებებით ისეთ ეტაპზე გადავედით, რომელიც ქვეყნის მომავლისთვის საფრთხის შემცველია, – ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ დამფუძნებელმა, ეკა ბესელიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა” განაცხადა.

„დღეს მთავარი ბალანსი დაირღვა. იმიტომ, რომ როდესაც ხელისუფლების სამი შტოდან რომელიმე შტო ერთ-ერთის საკუთარი გავლენის ქვეშ მოქცევას ცდილობს, იქ ბალანსი ირღვევა და ჩემთვის სახელმწიფო მართვის სისტემა ირღვევა იქ, სადაც სასამართლოსთან დაკავშირებით ისეთი დამოკიდებულებაა, როგორიც დღეს არის. მგონია, რომ ეს ძალიან სახიფათო პროცესია და სასამართლოსთან დაკავშირებით ბოლო გადაწყვეტილებებით ისეთ ეტაპზე გადავედით, რომელიც ქვეყნის მომავლისთვის საფრთხის შემცველია“, – განაცხადა ბესელიამ. 

მისი თქმით, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებსა და ქვეყნის შიგნით, არც ერთ სხვა მოვლენას არ გამოუწვევია ისეთი ნეგატიური განწყობების აღქმა, როგორც ეს სასამართლოსთან დაკავშირებით მოხდა და ასეთ სახიფათო სისუსტეებს, რაც მართლმსაჯულების მიმართ გამოვლინდა, არავინ გვაპატიებს.

„როდესაც ევროკავშირის ელჩი საუბრობდა, მისი შეფასებები მგონია, რომ დიპლომატიური, მაგრამ ძალიან მკვეთრად კრიტიკული იყო და როდესაც აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა გააკეთა ის განცხადება, რაც გააკეთა, მიუხედავად მოზომილი ნათქვამისა, ყოველგვარ დიპლომატიას გასცდა. ამ თემის გამო ყველა ერთხმად არის შეწუხებული – ჩვენი ყველა პარტნიორი, რომელიც ამ პროცესში გვეხმარებოდა და საქართველოს ევროპულ ოჯახში ინტეგრაციის პროცესში დამხმარე და ძალის მიმცემი უნდა იყოს“, – განაცხადა ბესელიამ.

მისივე თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანია შიდა ფაქტორი და სასამართლოსთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესების გამო ქართული საზოგადოების აღქმა უკიდურესად სახიფათოა, „რადგან მოქალაქეთა უმრავლესობა სასამართლოს არ ენდობა და ამით მთლიანად ინსტიტუციების მიმართ იკარგება ნდობა.”