ეკა ბესელია - სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის მიზანია, სასამართლო განიტვირთოს და საქმეები უფრო სწრაფად განიხილონ
ეკა ბესელია - სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის მიზანია, სასამართლო განიტვირთოს და საქმეები უფრო სწრაფად განიხილონ

სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის მიზანია, სასამართლო განიტვირთოს და საქმეების განხილვა უფრო სწრაფად მოხდეს, – ეს განცხადება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ იურიდიული კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

ბესელიას თქმით, ამ კანონპროექტით შესაძლებლობა ჩნდება, მოხელე, რომელსაც მარტივი კატეგორიის საკითხების გადაწყვეტა შეეძლება, სისტეტ მოსამართლის ფუნქციით დაიტვირთოს.

„ძალიან საინტერესო განხილვა იყო. ჩვენ ამ საკითხზე მსჯელობას გავაგრძელებთ. მიზანი ყველასთვის საერთოა, რომ სასამართლო განიტვირთოს და საქმეების განხილვა უფრო სწრაფად მოხდეს. ამას მხარეები, მოქალაქეები და პროცესის მონაწილეები ელოდებიან. ეს ჩვენი მოქალაქეების ინტერესია, რომ გაჭიანურებული დავების განხილვა უფრო სწრაფად მოხდეს. ამას ემსახურება ეს ცვლილებები, რომ ერთპიროვნულად განხილვა გაიზარდოს. ასევე იმ საქმეების რაოდენობა გაიზარდოს, რომლის გადაწყვეტა შესაძლებელია და აპელაციაში დავის საგანთან და სარჩელის ფასთან იქნება დაკავშირებული. ზეპირი განხილვის გარეშე ერთპიროვნული განხილვის მეტი შესაძლებლობა გაჩნდება. ასევე შესაძლებლობა ჩნდება, მოხელე, რომელსაც მარტივი კატეგორიის საკითხების გადაწყვეტა შეეძლება ასისტენტ მოსამართლის ფუნქციით დავტვირთოთ. “- განაცხადა ბესელიამ

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მოხელეზე დამოუკიდებლობის ყველა ის სტანდარტი გავრცელდება, რაც მოსამართლეს აქვს, ამ საკითხზე მსჯელობა გაგრძელდება.

„ჩვენ საბოლოოდ ეს თემა არ დაგვიხურავს. თუ ეს საბოლოოდ კონსენსუსის საგანი არ იქნება, დამატებით კიდევ მივუბრუნდებით. მოსაზრებების მოსმენისთვის ღია ვართ, მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციასთან და ევროპული კონვენციის მე-6 მუხლთან შესაბამისობის კუთხით, ყველა წუხილი მოვხსენით. დანიშვნის წესი იცვლება. მოხელეზე დამოუკიდებლობის ყველა ის სტანდარტი გავრცელდება, რომელიც მოსამართლეს აქვს. გარანტიები მას ექნება თუ საბოლოოდ შევთანხმდებით, რომ მოხელისთვის ამ გაზრდილ მანდატს ვტოვებთ.

ეს საქმეების განტვირთვას ემსახურება იმიტომ, რომ დღეს, მაგალითად, საქალაქო სასამართლოში 20 ათასზე მეტი საქმეა, რომელიც მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან მოქალაქეების დავებს ეხება. ასეთი კატეგორიის საკითხებს თუ ასისტენტ მოსამართლე განიხილავს, რომლის გადაწყვეტილება სასამართლოში ჩვეულებრივად საჩივრდება, ეს ამ დავების ერთგვარი სწრაფი გადაწყვეტა იქნება იმიტომ, რომ აქ შეიძლება პირგასამტეხლო და მოქალაქეებთან მორიგების შესაძლებლობა იყოს. მხარი დავუჭირეთ დათქმებით, რომ დისკუსია გაგრძელდება“, – განაცხადა ბესელიამ.