ეკა ბესელია - საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ „გირჩის“ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი იქნება გასაანალიზებელი
ეკა ბესელია - საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ „გირჩის“ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი იქნება გასაანალიზებელი

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ექიმის დანიშნულების გარეშე მარიხუანას მოხმარებისთვის ადმინისტრაციულ ჯარიმას გაუქმების შემთხვევაში, რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი იქნება გასაანალიზებელი, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განაცხადა.

მისი განმარტებით, მათ შორის განსახილველი იქნება თუ რა რეგულაციები უნდა იყოს ასეთ შემთხვევაში იმ პირთა მიმართ, რომლებიც მოიხმარენ მარიხუანას და საჯარო სექტორში, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სამხედრო და სამართალდამცველ სტრუქტურებში არიან დასაქმებული.

„რა რეგულაციებს ვაყენებთ, ვინც ამბობს, რომ არ უნდა არსებობდეს არანაირი პასუხისმგებლობა არც ადმინისტრაციული, ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებისთვის, რა დათქმები უნდა არსებობდეს მაშინ ისეთი პირების მიმართ, როგორიც არის პოლიციელი, სამხედრო მოსამსახურე, პედაგოგი. ხომ უნდა ვიფიქროთ ამაზეც, რა ხდება ასეთ შემთხვევებში. ამაზე თვალს ვხუჭავთ თუ ვამბობთ, რომ გარკვეული რეაგირება და რეგულაციები საჭირო იქნება. ვფიქრობ, ეს არის ძალიან სერიოზული საკითხი და ძალიან სერიოზულად იქნება გასაანალიზებელი“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

როგორც ბესელია განმარტავს, ამ ეტაპზე, პარლამენტი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უნდა დაელოდოს. ამასთან, მისი თქმით, ზოგადად ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე მსჯელობა საკანონმდებლო ორგანოში მომდევნო კვირიდან განახლდება.

საკონსტიტუციო სასამართლომ „გირჩის“ მორიგი სარჩელის განხილვა დაიწყო, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ექიმის დანიშნულების გარეშე მარიხუანას მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სანქცია – 500 ლარიანი ჯარიმა შესაძლოა, გაუქმდეს.