ეკა ბესელია - საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება ვისთვის იყო ისტორიული და ვისთვის ისტერიული, ამას ამომრჩეველი გადაწყვეტს
ეკა ბესელია - საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება ვისთვის იყო ისტორიული და ვისთვის ისტერიული, ამას ამომრჩეველი გადაწყვეტს

კარგია, რომ ცვლილებები უკვე მივიღეთ, უფრო მეტი შესაძლებლობა იქნება, ისეთი არჩევნები იყოს, სადაც სხვადასხვა გემოვნების ადამიანები შეხვდნენ თავის რჩეულ პარტიას, – ამის შესახებ დეპუტატმა ეკა ბესელიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

„ცვლილებების იმის შესაძლებლობას აჩენს, რომ მომავალი პარლამენტი იყოს უფრო მრავალპარტიული. დაბალი ბარიერის პირობებში არ იქნება ხელოვნური ჯგუფები. ეს ცვლილებები იმის შესაძლებლობას აჩენს, რომ აღარ იყოს პარლამენტი ორ პოლიტიკურ პოლუსში ჩარჩენილი და გაცილებით მეტი შანსი მისცეს პარტიებს. ჩემთვის ეს ცვლილებები არის შანსი, ამ ქვეყანაში არჩევნების გზით მოხდეს ცვლილება და მოიტანოს უკეთესი პოლიტიკური ვითარება, უკეთესი რეალობა მოსახლეობისთვის და მოქალაქეების ხმა მეტად ისმოდეს. ვინ რა პასუხისმგებლობით შეხვდება ამომრჩეველს, ეს გამოჩნდება 31 ოქტომბერს. ვისთვის იყო ისტორიული და ვისთვის ისტერიული, ამას ამომრჩეველი გადაწყვეტს. ერთი ნაბიჯით მივუახლოვდით იმ პროცესს, როცა სამართლიანი შეიძლება იყოს პროცესები“,- განაცხადა ეკა ბესელიამ.

117 ხმით საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა. წინააღმდეგ ხმა მისცა სამმა დეპუტატმა – ბიძინა გეგიძემ, კახა ოქრიაშვილმა და ალექსანდრე ერქვანიამ.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“.

კონსტიტუციური პროექტის გათვალისწინებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება – პარლამენტში აირჩევა 120 წევრი პროპორციული და 30 წევრი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით.