ეკა ბესელია - საკონსტიტუციო ცვლილებები იმის გამო თუ ჩავარდა, რომ ოპოზიციის ხმები დააკლდება, ეს ნაწილობრივ ჩვენი პასუხისმგებლობაც იქნება
ეკა ბესელია - საკონსტიტუციო ცვლილებები იმის გამო თუ ჩავარდა, რომ ოპოზიციის ხმები დააკლდება, ეს ნაწილობრივ ჩვენი პასუხისმგებლობაც იქნება

ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა სწორედ მას აკისრია, პასუხისმგებელია სტაბილურობაზე, საარჩევნო ცვლილებებზე და სამართლიან არჩევნებზე, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ განაცხადა.

მისი თქმით, ეს ხელისუფლების პასუხისმგებლობის სივრცეა.

ამასთან, დეპუტატის თქმით, თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს ოპოზიციასაც, რაც საკონსტიტუციო ცვლილებებზე კენჭისყრის ჩატარების დღეს გამოიხატება.

„რაც შეეხება ოპოზიციის პასუხისმგებლობას, პასუხისმგებლობისგან სრულად ვერც ოპოზიცია გათავისუფლდება. პასუხისმგებლობის გარკვეული წილი ჩვენზეც მოდის და გამოიხატება იმ დღეს, როცა კენჭისყრა ჩატარდება. ჩვენი ხმების გამო პროექტი არ უნდა ჩავარდეს. თუმცა, წინაპირობები, რომლებიც კენჭისყრაში მონაწილეობის ბარიერს ქმნის, უნდა შესრულდეს და თავად ხელისუფლებამ უნდა მოხსნას. იწილო-ბიწილო და გადაბრალება არ გამოვა, რადგან ხელისუფლების პასუხისმგებლობაა ბარიერების მოხსნა. ჩვენი წილი პასუხისმგებლობა იმ კენჭისყრაზე გავა, სადაც 113 ხმას არ უნდა დააკლდეს ჩვენი ხმა. თუ უმრავლესობიდან ყველა მისცემს ხმას და აღმოჩნდება, რომ ოპოზიციის ხმები დააკლდება და ამის გამო საარჩევნო სისტემა ჩავარდება, ეს იქნება ნაწილობრივ ჩვენი პასუხისმგებლობაც“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

დეპუტატის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების პროცესი უნდა წარიმართოს რაც შეიძლება სწრაფად, რადგან დასაკარგი დრო აღარ არის.

„საჭიროა განხილვების სწრაფად წარმართვა, რადგან ვერ გაიმართება ტრადიციულ ფორმატში. მთავარია, შედეგი მალე დადგეს, რადგან ხუთ თვეში არჩევნებია და ჯერ კიდევ არ არის საარჩევნო სისტემა შეცვლილი. ვაპირებ, ცვლილებებს ხმა მივცე, რადგან მნიშვნელოვანია, არსებული მოდელი ცოტა უკეთესი მოდელით შეიცვალოს. შეიძლება, არ იყოს საუკეთესო, მაგრამ იმაზე უკეთესია, ვიდრე დღეს გვაქვს. იმედია, სანამ კენჭისყრა დასრულდება, იქამდე მოიხსნება ბარიერები, რაც ოპოზიციას ხელს უშლის, კენჭისყრაში მიიღოს მონაწილეობა“, – განაცხადა დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ.

დატოვე კომენტარი