ეკა ბესელია - სადავო არ არის, რომ უკანონო ჩაწერა სააკაშვილის პერიოდში განხორციელდა, მაგრამ ახლა საუბარია, ვინ არის ამ მორალური ტერორის დირიჟორი
ეკა ბესელია - სადავო არ არის, რომ უკანონო ჩაწერა სააკაშვილის პერიოდში განხორციელდა, მაგრამ ახლა საუბარია, ვინ არის ამ მორალური ტერორის დირიჟორი

სადავო არ არის, რომ უკანონო ჩაწერა სააკაშვილის პერიოდში განხორციელდა, – ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატმა ეკა ბესელიამ ფარულ ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებაზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

მისი თქმით, გამოძიება ჰუმანური უნდა იყოს იმ ადამიანების მიმართ, რომელთა ბრალეულობაც ნაკლებია, თუმცა პრინციპული საკითხია, დადგინდეს, რა იყო დანაშაულის მოტივი.

„პრინციპულად მიმაჩნია, რომ ვიცით, ვინ არის ამ უკანონო ჩანაწერის ავტორი და ვინ განახორციელა უკანონო ჩაწერა. ეს სადავო არ არის, განხორციელდა სააკაშვილის პერიოდში. მაგრამ ახლა საუბარია, ვინ დაგეგმა და ვინ არის დირიჟორი ამ უკანონო კამპანიის, მორალური ტერორის, რომელიც ვერ აღწევს თავის მიზანს და ვერც მიაღწევს.

ის ადამიანები, რომლებიც დაკავებული არიან, რაღაცნაირად ჩაერთნენ ამ გაზიარების ერთიან ქსელში და ვიღაცები შესაძლოა, შემთხვევითაც მოხვდნენ.

აქვე მინდა ვთქვა, ჩემი ამოცანა არ არის, რომ გაუბედურდეს ოჯახები. ახალგაზრდა გოგოები არიან დაპატიმრებული და ნამდვილად არ მინდა, ახლა ეს სიმძიმე ვატარო, რომ ოჯახების ტრაგედია მოჰყვეს ამ მორალურ ტერორს. პრინციპულად მიმაჩნია, რომ სამართლიანი და ჰუმანურიც უნდა იყოს გამოძიება იმ ადამიანების მიმართ, ვისი ბრალეულობაც ნაკლებია ამაში და მე აქ მექნება ძალიან სამართლიანი პოზიცია. მაგრამ პრინციპულია, რომ გამოძიებამ დაადგინოს, ვინ რა მიზნით გააკეთა, რადგან დანაშაული მიზნისა და მოტივის გარეშე არ არსებობს. ასე რომ, ამ საკითხს არ მოვხსნი დღის წესრიგიდან“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

როგორც ბესელიამ აღნიშნა, მას ეყოფა ნებისყოფა, დააკვირდეს პროცესს და შეაფასოს, სწორად მიდის თუ არა გამოძიება.

პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრების უკანონოდ მოპოვება-გავრცელება-შენახვის საქმეზე ორ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა, ხოლო შვიდს – გირაო. აღნიშნულ საქმეზე შსს-მ სულ 17 ადამიანი დააკავა. თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯერ მხოლოდ ცხრა მათგანის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელეს.

შსს-მ 1-ელ თებერვალს საღამოს დააკავა პირი, რომელმაც პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი „იუთუბზე“ (youtube) ატვირთა.

მანამდე, შსს-მ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის შენახვისა და მასობრივად გავრცელების ფაქტზე 16 პირი დააკავა.