ეკა ბესელია - საარჩევნო სისტემაზე მმართველი გუნდის შემოთავაზებას მხარს არ დავუჭერთ, ჩვენ ჩვენი ვერსია გვაქვს
ეკა ბესელია - საარჩევნო სისტემაზე მმართველი გუნდის შემოთავაზებას მხარს არ დავუჭერთ, ჩვენ ჩვენი ვერსია გვაქვს

პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერის ეკა ბესელიას განცხადებით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით 100/50-ზე უმრავლესობის ბოლო შეთავაზებას მხარს არ დაუჭერენ.

ბესელიას შეფასებით, მმართველი გუნდის შეთავაზება პროპორციული საარჩევნო სისტემისკენ გადადგმული ნაბიჯი არ არის და უსამართლო საარჩევნო გარემოს ვერ ცვლის.

„ამიტომ ეს შეთავაზება არ იქნება მხარდაჭერილი ჩვენი მხრიდან. მეორე, ისეთი წინაპირობა აქვს ამ ყველაფერს, რომ 2020 წლის შემდეგაც, მომდევნო არჩევნებიც უნდათ, რომ შერეული სისტემით ჩატარდეს. ეს არის პირობა იმისა, რომ 100/50 -ის პროპორციით მოხდეს შეთანხმება, რაც ვერ მოხდება. ეს არის ძალიან უტიფარი პოზიციის დემონსტრირება. ასე რომ, შემდეგ შეხვედრაზე, რომელიც იმედია, შემდეგ კვირას გაიმართება, ალბათ ნათლად გამოჩნდება, ამ მოლაპარაკებას აზრი აქვს და რაიმე კონსესუსამდე მივა, თუ არა“,- განაცხადა ეკა ბესელიამ.

ამასთან, ბესელია ამბობს, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკუთარი ვერსია აქვთ.

„ჩვენ ჩვენი ვერსია გვაქვს. გარდა იმისა, რომ ინიცირებულია კანონპროექტი და უკვე დასკვნაც მალე უნდა იყოს, ამავე დროს გვაქვს ამ პროპორციასთან დაკავშირებით სამსჯელო ვერსიაც. ალბათ ამაზეც იქნება დისკუსია. ანუ, იმდენად უნდა იყოს მიახლოვებული პროპორციულ სისტემასთან, რომ გამოირიცხოს უსამართლო შედეგების ალბათობა. თუ შეთანხმება ვერაფერზე მოხდა, ვფიქრობ, რომ ეს არჩევნების შედეგებზე გავლენას მოახდენს იმ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ანგარიშების სახით, რომელმაც საბოლოოდ უნდა თქვას, ცნობს ამ არჩევნებს თუ არა“,- განაცხადა ეკა ბესელიამ.