ეკა ბესელია - საარჩევნო ბლოკების ერთჯერადად დაშვება და ბარიერის დაწევა მცირე პოლიტიკური პარტიებისთვის გაძლიერების შესაძლებლობაა
ეკა ბესელია - საარჩევნო ბლოკების ერთჯერადად დაშვება და ბარიერის დაწევა მცირე პოლიტიკური პარტიებისთვის გაძლიერების შესაძლებლობაა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას შეფასებით, 2020 წელს საარჩევნო ბლოკების ერთჯერადად დაშვება და საარჩევნო ბარიერის დაწევა მცირე პოლიტიკური პარტიებისთვის მანდატების მოპოვებისა და გაძლიერების შესაძლებლობაა.

როგორც ჟურნალისტებს ბესელიამ განუცხადა, კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებები ნიშნავს, როგორც საკანონმდებლო ორგანოს ეფექტიან მუშაობას, ასევე, ანგარიშვალდებულ მთავრობასა და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების გაძლიერებას.

დეპუტატის თქმით, კონსტიტუციური რეფორმით საპარლამენტო მოდელი გაძლიერდება.

„მყარი ფუნდამენტის მშენებლობით ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი იწყება, რაც იმას გულისხმობს, რომ კონსტიტუციის ახალი ცვლილებები თითოეული მოქალაქისთვის თავსებადი და ძალიან ორგანული უნდა გახდეს. შესაბამისად, მნიშვნელოვანი იქნება, ცვლილებების მათთან უფრო ახლოს მიტანა”, – განაცხადა ბესელიამ.

პარლამენტი ახალ საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე მოსმენით დღეს დაამტკიცებს. ცვლილებებით, 2020 წელს საარჩევნო ბლოკები ერთჯერადად დაიშვება და ე.წ. ბონუსს სისტემა გაუქმდება. ამასთან, ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოსა და რელიგიის თავებსაც ეხება.