ეკა ბესელია - როდესაც ჩანაწერების სერიალს უყურებ, პარლამენტის წევრს კითხვა უნდა უჩნდებოდეს, არის თუ არა დაცული კანონი
ეკა ბესელია - როდესაც ჩანაწერების სერიალს უყურებ, პარლამენტის წევრს კითხვა უნდა უჩნდებოდეს, არის თუ არა დაცული კანონი

როდესაც ფარული ჩანაწერების სერიალს უყურებთ, პარლამენტის წევრს პირველ რიგში კითხვა უნდა უჩნდებოდეს, არის თუ არა დაცული კანონით დადგენილი აუცილებელი წესი და მოთხოვნა, – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელია, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ წევრს სერგი კაპანაძეს.

„მე ეს კითხვა მიჩნდებოდა იმ დროსაც, როდესაც ჩანაწერები სერიალებივით ვრცელდებოდა და მიჩნდება დღესაც. იმ ჩანაწერში არ ვიცი ვინ ვინ არის, ვიდრე არ მივიღებ კითხვაზე პასუხს, არ უნდა დავსვათ კითხვა, რომ სისხლის სამართლის კოდექსში რატომ გავამკაცრეთ ჩვენ პირადი კომუნიკაციების მუხლი და სასჯელი რატომ გავზარდეთ. გავამკაცრეთ იმისთვის, რომ ნებისმიერი მოქალაქე იყოს დაცული, არ მოხდეს მის სივრცეში უკანონო ჩარევა, დაცულობის გამო, რადგან შეუძლებელია ქვეყანაში რაიმე სტანდარტზე და რაიმე ობიექტურობაზე საუბარი. სასამართლოს კონტროლის გარეშე ასეთი ჩანაწერების გაკეთება არის კანონით დასჯადი. გავრცელებაც არის დასჯადი. ხალხო, რა სტანდარტებს ვამკვიდრებთ? რა გინდათ ამ ქვეყანაში დავამკვიდროთ, რომ ნებისმიერ პიროვნებაზე შეიძლება მოიტანო რაღაცა ჩანაწერი, აჩვენო ეს მედიაში, დაარქვა სახელი. გამოდეთ სერგის სურათი აქეთ, მეორე მხარეს თუ გინდა, ჩემი სურათი გამოდეთ და მერე აკეთეთ ამაზე დასკვნები”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისივე თქმით, უკანონო, პირად სივრცეში ჩარევა, პირადი კომუნიკაციის წესის დარღვევა, ჩანაწერის მოპოვება, გავრცელებაც ისჯება სისხლის სამართლის წესით.