ეკა ბესელია - როდესაც არჩევნებზე ამდენი ამომრჩეველი მოდის და ხმას გაძლევს 1 147 625 ადამიანი, პოლიტიკურ მანდატს ეჭვქვეშ ვერ დააყენებ
ეკა ბესელია - როდესაც არჩევნებზე ამდენი ამომრჩეველი მოდის და ხმას გაძლევს 1 147 625 ადამიანი, პოლიტიკურ მანდატს ეჭვქვეშ ვერ დააყენებ

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგებმა გამორიცხა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შესაძლებლობის დაშვება, პოლიტიკური გადაწყვეტილებით, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ პირველი არხის გადაცემაში „საპრეზიდენტო არჩევნები 2018“ განაცხადა.

„შედეგებმა არჩევნების სანდოობა და მაღალი ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ არ დააყენა. როდესაც არჩევნებზე ამდენი ამომრჩეველი მოდის და ხმას გაძლევს 1 147 625 ამომრჩეველი , პოლიტიკურ მანდატს ეჭვქვეშ ვერ დააყენებ. ეს „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმაა“, – განაცხადა ბესელიამ.

ამ განცხადებით ეკა ბესელიამ გადაცემის წამყვანის, გიორგი გვიმრაძის შეკითხვას უპასუხა, როგორ ხედავს ხელისუფლება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შესაძლებლობას, რადგან ამას არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“, არამედ სხვა ოპოზიციური პარტიებიც ითხოვენ, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობას“ არ ეთანხმებიან.

როგორც ბესელიამ აღნიშნა, გასაგებია, რომ მიხეილ სააკაშვილს რევანშის წყურვილით ღამე არ სძინავს და ამდენი ადამიანი მძევლად აქცია, მაგრამ 2018 წელს ისევ ხუთიანის შემოხაზვა ძალიან უხერხულია.

„მე ყველა მოქალაქე მიყვარს, მაგრამ პირდაპირ, გახსნილად და ყოველგვარი ქვეტექსტის გარეშე ვამბობ, რომ ეს ფენომენი არ მესმის და ამ ფენომენს ვერ გავიგებ. შესაძლოა, გაბრაზდე, ხმა „ქართულ ოცნებას“ არ მისცე და სხვა, მესამე, მეოთხე, ან მეხუთე ძალა მოძებნო, მაგრამ გაბრაზდე და ხმა ხუთიანს მისცე, უკაცრავად, მაგრამ ამას ვერასდროს ვერ გავიგებ“, – განაცხადა ბესელიამ.

გადაცემის ერთ-ერთი წამყვანის, ანალიტიკოს ბაქარ ბერეკაშვილის შეკითხვაზე, არის თუ არა მზად „ქართული ოცნება“ კოალიციური მთავრობისთვის, არსებობს თუ არა რაღაც პოლიტიკური ჯგუფები და არის თუ არა იმის შესაძლებლობა, რომ კოალიციური მთავრობის ფორმირება სხვა პოლიტიკურ აქტორთან თანამშრომლობით მოხდეს, ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ კოალიციური მთავრობის გაკეთების შესახებ ხშირად ისმის ხოლმე იმ ჯგუფის მხრიდან, რომელიც დღეს ხელისუფლებაში რევანშით მობრუნებით იმუქრება, მაგრამ „ქართული ოცნების“ მათთან თავსებადობა შეუძლებელია.

„რატომ გგონიათ, რომ მოცემულ ეტაპზე, კოალიციური მთავრობის შექმნა არის გეგმა, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს?! კიდევ ერთხელ ვიმეორებ – ჩვენ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთად, გამორიცხულია! რაც შეეხება სხვა აქტორებს, ის უნდა გამოჩნდეს. სხვა აქტორებისთვის პოლიტიკური ნიადაგი როგორც ჩანს, არის და ნახევარი მილიონი ამომრჩეველი ემზადება. ყოველ შემთხვევაში, გაჩნდა განცდა, რომ რაღაც კიდევ ახალი უნდა გამოჩნდეს. ვნახოთ, არ ვიცი, 2020 წლისთვის რა მოცემულობა იქნება“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.