ეკა ბესელია რატიანსა და გოცირიძეს - როცა ადამიანები მოინელეთ და გარეთ აღარავინ დარჩა, ანტენების დაპატიმრებაზე გადახვედით 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ოპოზიციონერ დეპუტატებს სერგო რატიანსა და რომან გოცირიძეს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდს ახსენებს და ურჩევს, მედია დამცველობას თავი დაანებონ, ვინაიდან ამ საკითხებზე საუბრისას თავდაცვის რეჟიმში თავად უნდა იყვნენ.

ეკა ბესელიამ წინა ხელისუფლების პირობებში, ქართულ მედია სივრცეში არსებულ ვითარებაზე პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ისაუბრა, სადაც „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი მეორე მოსმენით განიხილეს.

„რაც შეეხება ამ საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანას; ეს ის მინიმალური ცვლილებებია, რაც ამ რეფორმის მხარდასაჭერად დარჩა და ამ პროცესს უნდა დავაკვირდეთ. მაგრამ, თქვენი დისკუსი, რომელიც უკვე იქეთ გადაიტანეთ, რომ ეს ბიძინა ივანიშვილის ინტერესია, მისი იდეაა და ა.შ. ამ სივრცესა და ველში შესვლა უკვე ძალიან დამაკნინებელი და შეურაცხმყოფელია.

მაყურებელი გვიყურებს და მუდმივად ასეთი უტიფარი განცხადებების კეთება სირცხვილია. წესით, ამ თემებზე საუბრის დროს, თქვენ თავდაცვის რეჟიმში უნდა იყოთ, მუდმივად თავს უნდა იცავდეთ და იქვე ამბობდეთ, რომელი ევროპული სტანდარტით, რომელი ევროპული მაუწყებლის საერთო ქცევის წესით ხდებოდა ის, როცა ტელეკომპანია „იმედს“ შტურმით იღებდით და სპეცრაზმით შევარდნილებმა ჟურნალისტები ფეხქვეშ გაიგდეთ? საინტერესოა, ბრიუსელში თქვენი ელჩი სამადაშვილი რომ იყო, რას ყვებოდა ხოლმე, ჩვენს ევროპელ კოლეგებს რას უყვებოდა, მათ შორის მედია დამცველებს, რომლებიც 7 ნოემბერს თავისი ფეხით საქართველოში ჩამოვიდნენ, როცა ტელეკომპანია „იმედი“ გათიშეთ? კერძო ტელევიზიებს ხელყუმბარებს უგდებდით, მათ შორის „კავკასია“ და „მაესტრო“ გაიხსენეთ. ასევე მოგვიყევით, რომელი ევროპული ფასეულობითა და სტანდარტით, ასევე ადამიანის უფლებების დაცვის რა გარანტიებით ახერხებდით იმას, რომ ყველა ტელევიზიას, მათ შორის პირველ არხს უწერდით, ერთი და იმავე ქრონომეტრაჟით ვის რა უნდა ელაპარაკა და ერთმანეთისგან არაფერი არ განსხვავდებოდა, მათ შორის თანმიმდევრობაც კი. ბიძინა ივანიშვილს რომ ახსენებთ, იქვე გაიხსენეთ, მაშინ იმ ტელევიზიას რა უყავით“, – მიმართა ბესელიამ ოპოზიციონერ დეპუტატებს სერგო რატიანსა და რომან გოცირიძეს.

ბესელია ოპოზიციონერ დეპუტატებს ურჩევს, მედიის თავისუფლებაზე საუბრის დროს, ქართველ ხალხს ბოდიში მოუხადონ.

„როცა ადამიანები დაპატიმრებისთვის მოინელეთ და გარეთ სულიერი არავინ დარჩა, ვინც შეიძლებოდა ციხეში აღმოჩენილიყო, სადაც ადგილიც აღარ იყო, მერე ანტენების დაპატიმრებაზე გადახვედით და საბაჟოებზე ტექნიკას ანადგურებდით. ბიძინა ივანიშვილმა მიწაზე ისეთ პირობებში დაგანარცხათ, როცა არანაირი თავისუფალი სივრცე და სიტყვა არ იყო. დღეს თავს უფლებას აძლევთ და ის ადამიანები მედია თავისუფლებაზე საუბრობთ, რომლებიც შტურმითა და სპეცრაზმით ტელევიზიებს იღებდით. საოცრება იყო, მაშინ მთელი მსოფლიო იმაზე ლაპარაკობდა, რასაც სჩადიოდით, თუნდაც, მხოლოდ მედია თავისუფლების კუთხით და ვინ გაბედავდა იმას, რასაც დღეს ვისმენთ, მათ შორის იმ ტელევიზიაზე, რომელზეც თქვენ გგონიათ, რომ უკვე სტრასბურგში მოიგეთ და ყველაფერი დამთავრდა. ასე რომელი ევროპული სტანდარტით იქცეოდით?

ბრალდებებით ლაპარაკს თავი დაანებეთ და როცა ამ თემებზე საუბარს დაიწყებთ, ყველა გამოსვლის დროს, ქართველ ხალხს ბოდიში მოუხადეთ, იქნებ, ერთ მშვენიერ დღეს მოგიტევონ“, – მიმართა ბესელიამ რატიანსა და გოცირიძეს.