ეკა ბესელია - რას ერჩის ირაკლი კობახიძე ძროხას, იმაზე უფრო სასარგებლო ცხოველია, ვიდრე ზოგიერთი პოლიტიკოსი
ეკა ბესელია - რას ერჩის ირაკლი კობახიძე ძროხას, იმაზე უფრო სასარგებლო ცხოველია, ვიდრე ზოგიერთი პოლიტიკოსი

მიკვირს, ირაკლი კობახიძე რას ერჩის ძროხას, რომელიც ძალიან სასარგებლოა ადამიანისთვის და იმაზე უფრო სასარგებლოც, ვიდრე ზოგიერთი პოლიტიკოსი და მათ შორის, განცხადების ავტორი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ განუცხადა. იგი ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც აღნიშნა, რომ „ოპოზიცია ხარზე უფრო მეტად ძროხას ჰგავს“.

ეკა ბესელია ამბობს, რომ არ სურს, არც კობახიძეს და არც უმრავლესობის სხვა დეპუტატს აჰყვეს.

„იქნება ეს კობახიძე თუ ოხანაშვილი, რომელსაც ბოლო პერიოდში ნერვებმა უმტყუნა, უკანასკნელი დღეების განმავლობაში მათი ინტელექტუალური შესაძლებლობები ლანძღვა-გინებამდე დავიდა. როცა არგუმენტები ხელიდან გეცლება და ლექსიკონში შესაბამისი სიტყვები არ გყოფნის ემოცია გამოხატო, უკვე ილანძღები. ეს უკვე მდარე ხარისხისა და დაბალი დონის პოლიტიკოსად წარმოგაჩენს, რაშიც შეყოლა არ ღირს, რადგან მაშინ იმ დონემდე უნდა დახვიდე. ამიტომ, დარჩნენ იმ ჭაობში, სადაც არიან. მე მგონი, ამას ალბათ ამომრჩეველი 31 ოქტომბერს უპასუხებს. ამას რა იწვევს? – ერთადერთი ახსნა მაქვს. ყველა ეპრანჭება და ეკეკლუცება ბიძინა ივანიშვილს. ვინც უფრო უზრდელად, უხეშად და აგრესიულად მოიქცევა ოპოზიციის მიმართ, ჰგონიათ, რომ ამით მის შექებას დაიმსახურებენ, რადგან ელოდებიან საარჩევნო სიას და ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ მოხვდება სიაში. ირაკლი კობახიძე იყო პარლამენტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი კი, კომიტეტის თავმჯდომარეა და მოქალაქეს სტანდარტს უნდა აჩვენებდნენ, ხოლო როცა ასეთი ლექსიკით მეტყველებენ, ამას ერთდერთი სამიზნე ჰყავს. ბიძინა ივანიშვილს ეს რომ არ მოსწონდეს, ძალიან მარტივად გააჩუმებდა, როგორც ამას ადრე ახერხებდა, როცა მე ამას ვუყურებდი. როდესაც რაიმე არ მოსწონდა, ერთსაც და მეორესაც ძალიან იოლად აჩუმებდა. როგორც ჩანს, ეს მოსწონს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.