ეკა ბესელია - ქვეყნისგან, რომელიც არღვევს საერთაშორისო პრინციპებს, ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება ბუნებრივია
ეკა ბესელია - ქვეყნისგან, რომელიც  არღვევს საერთაშორისო პრინციპებს, ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება ბუნებრივია

თანამედროვე სამყაროში არც ერთი დემოკრატიული სახელმწიფო არ აღიარებს ოკუპირებულ ტერიტორიებს. ყველა საერთაშორისო დოკუმენტში ხაზგასმითაა ნათქვამი, რომ ეს ტერიტორიები საქართველოს განუყოფელი ნაწილია. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ეკა ბესელიამ სირიის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის  აღიარების კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, მსგავსი გადაწყვეტილების მიღება ბუნებრივია იმ ქვეყანაში, რომელიც საერთაშორისო სამართლით აღიარებულ ნორმებსა და პრინციპებს არღვევს.

„საქართველოს სუვერენიტეტი და მთლიანობა, ყველა საერთაშორისო დოკუმენტში არის აღიარებული. ასევე ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, არაერთი რეზოლუცია, დოკუმენტი, არაერთი პოლიტიკური და სამართლებრივი აქტი ხაზგასმით ამბობს, რომ ოკუპირებული ტერიტორიები არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი. ისეთი ტიპის ქვეყნებში, სადაც არ არის დემოკრატიული სისტემა და მმართველობა, რომელიც არღვევს საერთაშორისო პრინციპებს, სუვერენიტეტსა და საერთაშორისო სამართლით აღიარებულ ნორმებს, მსგავსი მიდგომა გასაკვირი არ არის.  ეს არის ის შემთხვევა, როდესაც საერთაშორისო თანამეგობრობა და ყველა პარტნიორი ქვეყანა ამ მიდგომას აბსოლუტურად ემიჯნება”,- განაცხადა ეკა ბესელიამ.