ეკა ბესელია - პროპორციულ სისტემაზე უარის თქმა სახიფათო, ცუდი და დემოკრატიის საწინააღმდეგო არჩევანია
ეკა ბესელია - პროპორციულ სისტემაზე უარის თქმა სახიფათო, ცუდი და დემოკრატიის საწინააღმდეგო არჩევანია

დამოუკიდებელი დეპუტატის, ეკა ბესელიას განცხადებით, ბოლო დროს განვითარებული პროცესებიდან გამომდინარე, არ აქვს მოლოდინი, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ პროექტი მხარდაჭერილი იქნება.

ეკა ბესელია პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილსა და პრემიერ-მინისტრს მიმართავს, საზოგადოებისთვის მიცემული დაპირების უგულველყოფა, ქვეყნისთვის სახიფათო არჩევანი იქნება.

„იმდენად ცუდად ვითარდება პროცესები, არ მაქვს კარგი მოლოდინი და არ მინდა, ეს გამართლდეს. მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, პრემიერ-მინისტრსა და იმ ადამიანებს, ვისაც შეუძლიათ, გადაწყვეტილება მიიღონ – ეს არის ძალიან სახიფათო არჩევანი ქვეყნისთვის. თუ საჯაროდ მიცემული დაპირება იქნება უგულველყოფილი, ეს დააზიანებს, როგორც საკუთარ ხალხთან მმართველი პარტიის მიმართ დარჩენილ ნდობას და რეპუტაციას, ასევე,  ქვეყნის იმიჯს საერთაშორისო არენაზე. პროპორციულ სისტემაზე უარი სახიფათო, ცუდი და დემოკრატიის საწინააღმდეგო არჩევანია. ბიძინა ივანიშვილს აქვს იმდენი გავლენა და ბერკეტი, რომ ერთ პოზიციამდე მიიყვანოს დეპუტატები, რომლებიც ზოგი ძალით იბრაზებს თავს და ზოგი შეიძლება, გულწრფელადაც. სხვაგვარად გამოდის, რომ ბიძინა ივანიშვილი ყოფილა ამ ქვეყანაში დასაცავი, რადგან საკუთარი პარტია, დეპუტატები აუჯანყდნენ და პარტიის შიგნით ვითარებას ვერ მართავს. მაშინ სურათი იქმნება, რომ ეს ადამიანები გამოდიან პარტიის თავმჯდომარის წინააღმდეგ. მაჟორიტარების ამბოხების მე არ მჯერა“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

რაც შეეხება დეპუტატ დაჩი ბერაიას განცხადებას, რომ ბიძინა ივანიშვილმა მისი გადარწმუნება ვერ მოახერხა, ბესელია ამბობს, რომ ამის არ სჯერა.

„დაუჯერებელია. დაჩი ბერაია საზოგადოებამ თავდაპირველად იმით გაიცნო, რომ ხულიგანივით სულ იქაჩება, ბოლოს კი ამ ამბებით. საზოგადოებას ბერაია არ გაუცვნია, როგორც მაჟორიტარი დეპუტატი, ვინც იმ პრობლემებსა და კანონპროექტებზე საუბრობს.  მისი ხმა არც მაშინ მახსოვდა, როცა „ქართუში“ მუშაობდა და „ქართუს“ თავს ესხმოდნენ, უბედურება იყო იმ წლებში. მისი ხმა არც ამ პარლამენტში და არც ჩემს კომიტეტში გამიგია“,-აღნიშნა ბესელიამ.

მისივე აზირთ, როგორც ჩანს, მმართველ პარტიას მიაჩნია, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემის პირობებში მას ძალაუფლების დათმობა და გაყოფა მოუწევს.

საქართველოს პარლამენტი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით დღეს უყრის კენჭს.

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული ცვლილებები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს. კერძოდ, პროექტით, პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად, პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა 150-ზე გამრავლდება და არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე გაიყოფა.

ამასთან, ცვლილებებით, არჩევნები ნულოვანი, ე.წ. ბუნებრივი ბარიერის პირობებში ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მანდატს ყველა ის პოლიტიკური პარტია მიიღებს, რომელსაც სულ მცირე, ერთი მანდატის მისაღებად საკმარისი ხმების რაოდენობა ექნება. გაუნაწილებელი მანდატების შემთხვევაში, ის თანმიმდევრობით გადანაწილდება უდიდესი ნაშთის მქონე პოლიტიკურ პარტიებზე. აღნიშნული კონსტიტუციური კანონპროექტი მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო ბლოკების მონაწილეობის შესაძლებლობას არ ითვალისწინებს, რაც მმართველი გუნდის განმარტებით, იმით არის განპირობებული, რომ დაბრკოლება არ შეექმნას პარტიული სისტემის განვითარებასა და ინსტიტუციონალიზაციას.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლ​ის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა პარლამენტის პლენარულ სესიაზე 12 ნოემბერს დაიწყო. დღის წესრიგში იყო ორი პროექტი. ერთი მმართველი გუნდის, ხოლო მეორე ოპოზიციის მიერ მომზადებული. ოპოზიციის მიერ მომზადებული პროექტი პარლამენტში ჩავარდა. ოპოზიციის კანონპროექტით გათვალისწინებული იყო არჩევნების ჩატარება სამპროცენტიანი ბარიერის პირობებში, ასევე დაშვებული იყო საარჩევნო ბლოკებად გაერთიანება.