ეკა ბესელია - პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა დროულია, რადგან ეს არის ერთგვარი განმუხტვაც და სამართლიანი ნაბიჯიც, რომ საარჩევნო გარემო გახდეს დემოკრატიული
ეკა ბესელია - პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა დროულია, რადგან ეს არის ერთგვარი განმუხტვაც და სამართლიანი ნაბიჯიც, რომ საარჩევნო გარემო გახდეს დემოკრატიული

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა კარგი გადაწყვეტილებაა, საკითხი მუდმივად იყო საერთაშორისო და ყველა ადგილობრივი ორგანიზაციის, პოლიტიკური ჯგუფების დღის წესრიგში, – ამის შესახებ პოლიტიკური პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა, ეკა ბესელიამ განაცხადა.

მისი თქმით, სახეზეა პოლიტიკური კრიზისი და მის განმუხტვას პოლიტიკური გადაწყვეტილებები სჭირდება.

„პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა არის ის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, რაც მუდმივად იყო საერთაშორისო და ყველა ადგილობრივი ორგანიზაციის, პოლიტიკური ჯგუფების დღის წესრიგში. ეს კარგი გადაწყვეტილებაა და საჭიროა ამ სისტემაზე გადასვლაზე. რაც შეეხება საკითხს, რომ შეიძლება მაჟორიტარებმა მხარი არ დაუჭირონ გადაწყვეტილებას, ეს ნიშნავს, რომ მმართველ პარტიაში არ არის შიდა ერთსულოვნება. მესმის, რომ ეს ცალკეული მაჟორიტარებისთვის შეიძლება არასასურველი პოლიტიკური დღის წესრიგი იყოს, მაგრამ ეს აუცილებელია, რათა ვითარება მოექცეს კანონიერ და სამართლებრივ, მშვიდ, ნორმალურ გარემოში და დიალოგი დაიწყოს საარჩევნო ცვლილებებზე. ამას სჭირდება კონსტიტუციაში ინიცირება. რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს დავუჭერთ ამ ინიციატივას. ამას სჭირდება საერთო სახალხო განხილვა და საკონსტიტუციო უმრავლესობა. დარწმუნებული ვარ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ეყოფათ გონიერება, გააცნობიერონ ამ გადაწყვეტილების საჭიროება, რაც შეიძლება მოკლე დროში. ამავე დროს, არ სჭირდება ბევრი დრო იმას, რომ როდესაც საუბარია პასუხისმგებლობაზე, ვინც ძალას გადაამეტა 20 ივნისის ღამეს, იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი დროულად გამოიკვეთოს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისივე თქმით, საჭიროა, იყვნენ ისეთი პარტიები, რომელთაც აქვთ შესაბამისი პოლიტიკური წონა და ჰყავთ მხარდამჭერები.

„შეიძლება, ნულპროცენტიანი ბარიერი ერთი შეხედვით მომხიბვლელად ჟღერს, მაგრამ ნული პროცენტი არ ნიშნავს იმას, რომ არაფერი არ არის. საჭიროა, პარტიები იყვნენ ისეთები, რომელთაც აქვთ შესაბამისი პოლიტიკური წონა და ჰყავთ მხარდამჭერები, ამიტომ თავისთავად ნულოვანი ბარიერი ერთი შეხედვით ჩანს როგორც იოლად გადასალახი, მაგრამ მის გადალახვასაც სჭირდება გარკვეული ორგანიზებული პოლიტიკური ჯგუფი. ამ ვითარებაში შეიძლება დავინახოთ, რომ მომავალი პარლამენტი იქნება მრავალპარტიული, თუმცა საჭირო იქნება საარჩევნო კოდექსში შესაბამისი ცვლილების შეტანა, რომ გაუნაწილებელი მანდატები როგორ ნაწილდება, ეს წესიც სამართლიანად დადგინდეს.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა არის დროული და გონივრული, რადგან ეს არის ერთგვარი განმუხტვაც და სამართლიანი ნაბიჯიც, რომ საარჩევნო გარემო გახდეს დემოკრატიული, მმართველ პარტიას არ ჰქონდეს დომინანტური სასტარტო პოზიცია, ამიტომ ეს შესაძლებელს გახდის, რომ 2020 წლისთვის მრავალპარტიული პარლამენტი მივიღოთ, თუმცა საჭიროა საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე, კონსტიტუციაში ცვლილებებზე მუშაობა დროულად დავიწყოთ და იქაც სიზუსტით გაიწეროს ყველა წესი“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა პარტიის ოფისში დღეს განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ გამოდის ინიციატივით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში.