ეკა ბესელია პროკურატურაში გამოკითხვაზე 12:00 საათზე მივა
ეკა ბესელია პროკურატურაში გამოკითხვაზე 12:00 საათზე მივა

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე დღეს მივა.

საქმე ეხება ეკა ბესელიას განცხადებებს პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერებით სხვადასხვა პირების მიმართ ზემოქმედებასა და შანტაჟზე.

როგორც დეპუტატი ამბობს, პროკურატურაში 12:00 საათისთვის მივა.

„თავისთავად, ფაქტი, რომ გამოძიება ამ განცხადებით დაინტერესდა, კარგია, რადგან განცხადება მიჩნეულ იქნა საფუძვლიანად და საყურადღებოდ. არ ვიცი, რა ტემპით, რა დრო დასჭირდება, მაგრამ გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები შესაძლოა ჩატარდეს, რომელიც ალბათ გამოავლენს ადამიანის უფლებების ძალიან მძიმე დარღვევის ფაქტებს, პირად სივრცეში ჩარევას.

ვისაუბრებ კონკრეტულ გვარებთან დაკავშირებით, რომლებიც ეხება საკუთარი მდგომარეობისა თუ საკუთარი სტატუსის გამოყენებას პირადი ინტერესებისთვის. ეს ეხება იმ გვარებს, რომლებზეც მე ვისაუბრე მათი სტატუსიდან გამომდინარე, მათი არაჯანსაღი და უკანონო კავშირი სასამართლოს წარმომადგენლებთან, რომლითაც პირადი ინტერესების ლობირება ხდება. ამ ფაქტებზე გამოძიებას ვაპირებ, რომ ეს ოფიციალურადაც დაფიქსირდეს. მიმაჩნია, რომ აშკარად დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. არ შეიძლება, პარლამენტის წევრი ლობირებდეს და უკანონოდ იყენებდეს მდგომარეობას. ეს დანაშაულია და მიმაჩნია, რომ ჩვენ იმისთვის არ ვართ პარლამენტში, რათა საკუთარი ინტერესების რეალიზება მივახდინოთ“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.