ეკა ბესელია - პრეზიდენტის სასახლის სიბრჭყვიალითა და სიმდიდრით არ გაიზომება არც დამოკიდებულება, არც უფლებამოსილება და არც მანდატი
ეკა ბესელია - პრეზიდენტის სასახლის სიბრჭყვიალითა და სიმდიდრით არ გაიზომება არც დამოკიდებულება, არც უფლებამოსილება და არც მანდატი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ფიქრობს, რომ პრეზიდენტის სასახლესთან დაკავშირებით პოლემიკა უნდა დასრულდეს.

როგორც ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, საკითხზე დებატები დროსა და სივრცეში ამოვარდნილია.

მისი თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში აღნიშნულ საკითხზე დებატების წარმართვა რაციონალური არ არის, რადგან ქვეყანაში სხვა ბევრი პრობლემა არსებობს.

„თემები დაილია და სხვა თემები არ არის? ამ თემაზე „ქართულმა ოცნებამ“ დებატები დიდი ხნის წინ დაასრულა. ვინც საპრეზიდენტო კამპანიის წარმართვას ამ თემით ცდილობს, მისთვის მთლად მომგებიანი არ უნდა იყოს. ეს პოლემიკა უნდა დასრულდეს, რადგან ქვეყანაში ბევრი სხვა პრობლემა და გამოწვევა არსებობს, ამაზე საუბარი კი ცოტა უხერხულია. სასახლის სიბრჭყვიალითა და სიმდიდრით არ გაიზომება არც დამოკიდებულება, არც უფლებამოსილება და არც მანდატი. ამ სასახლესთან დაკავშირებული ემოციები, სენტიმენტები და გრძნობები მათთვის უნდა დავტოვოთ, ვისაც ასეთი ემოცია აქვს. ეს არის ქვეყანა, სადაც მნიშვნელოვანია პატივისცემა ინსტიტუტების მიმართ და არ მგონია, აქცენტი ფუფუნებაზე, ნივთებსა და შენობებზე უნდა იყოს გადატანილი“, – აცხადებს ბესელია.