ეკა ბესელია - პრემიერთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ, რა სტრუქტურული ცვლილებები შეიძლება განხორციელდეს საკანონმდებლო დონეზე
ეკა ბესელია - პრემიერთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ, რა სტრუქტურული ცვლილებები შეიძლება განხორციელდეს საკანონმდებლო დონეზე

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე სამინისტროების შესაძლო გაერთიანების საკითხზე იმსჯელეს.

ამასთან, ეკა ბესელიას თქმით, შეხვედრაზე ისაუბრეს, თუ რა სტრუქტურული ცვლილებები შეიძლება განხორციელდეს საკანონმდებლო დონეზე.

„ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი კონსულტაციები დავიწყეთ პრემიერ-მინისტრთან ბიუროს უმრავლესობის ფორმატში, პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად და ძალიან საინტერესო დისკუსია გავხსენით გუნდის შიგნით, რომელიც ეხება სწორედ იმ სტრუქტურულ ცვლილებებს და კონცეპტუალურ საკითხებს, რომლებზეც პრემიერ-მინისტრმა გუშინ პარლამენტში ისაუბრა სასესიო ფორმატში. ეს ეხება დაგეგმილ შესაძლო ცვლილებებს. პირველ რიგში, ვისაუბრეთ სწორედ საკანონმდებლო დონეზე რა სტრუქტურული ცვლილებები შეიძლება განხორციელდეს და რატომ. დღეს ეს დისკუსია არ დასრულებულა და უბრალოდ, ჩვენ დავიწყეთ მსჯელობა სხვადასხვა მიმართულებით პოლიტიკის დონეზე ამ სამინისტროების თუ უწყებების შესაძლო გაერთიანების თაობაზე.

მისივე ინფორმაციით, კონსულტაციები დასრულებული არ არის და ხვალაც გაგრძელდება ამავე ფორმატში პრემიერ-მინისტრთან ერთად.

„საბოლოოდ დღეს ნუ დავსვამთ წერტილს და როცა კონსულტაციები დასრულდება ამაზე პრემიერი გააკეთებს განცხადებას. ჩვენ ვმსჯელობთ, რამდენად იქნება მნიშვნელოვანი ორგანულად თავსებადი უწყებების გაერთიანება და იმ კონცეფციით სვლა, რაზეც პრემიერ-მინისტრი საუბრობდა და რა შედეგებს გამოიწვევს ეს. ბუნებრივია, უფრო შინაარსობრივი და ჩაღრმავებული მსჯელობა გვაქვს ამ საკითხების, რომელიც ჯერ ვერ ამოიწურა და ვერ დასრულდა. კონცეპტუალურ საკითხებზე არის ძალიან კარგი პოზიცია და თანხვედრა, თუმცა კონსულტაციები ხვალაც გაგრძელდება. შესაძლოა, შემდეგაც იყოს დამატებითი დრო საჭირო“,- განაცხადა ბესელიამ.

მისივე თქმით, პირველი ეტაპი იქნება მთავრობის სტრუქტურული საქმიანობის შესახებ კანონში ცვლილება, რომელიც მოკლე დროში უნდა მომზადდეს.

„მთავრობასთან ერთად, ბუნებრივია, ჩვენც ვიქნებით ჩართული. როდესაც პარლამენტი მოკლე დროში იმსჯელებს, შემდეგ მოხდება სტრუქტურული ცვლილებები“, – განაცხადა ბესელიამ.

მთავრობაში დაგეგმილი რეორგანიზაციის შესახებ „ქართული ოცნების“ ოფისში კონსულტაციები გაიმართა. აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციები ხვალაც გაგრძელდება.

მცირე მთავრობის კონცეფციის თანახმად, რომელიც პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, დაახლოებით სამ კვირაში მომზადდება, სტრუქტურული ცვლილებები  განხორციელდება და სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება.