ეკა ბესელია – „პატრიოტთა ალიანსის“ რეზოლუციის პროექტში მოთხოვნის სამართლებრივად სწორად ჩამოყალიბებაა საჭირო

13:56, 04.10.2018

„პატრიოტთა ალიანსის“ რეზოლუციის პროექტში მოთხოვნის სამართლებრივად სწორად ჩამოყალიბებაა საჭირო, – ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ ფრაქცია „პატრიოტების“ რეზოლუციის პროექტზე „სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადების შესახებ“ განაცხადა, რომელსაც კომიტეტმა კენჭი დღეს უნდა უყაროს.

ბესელიას თქმით, ტექსტი „სააკაშვილ-ბოკერიას რეჟიმის“ შეფასების ნაწილში ფაქტობრივად პარლამენტის მიერ 2016 წელს მიღებული დადგენილების შინაარსს იმეორებს.

„ტექსტი, რასაც ახლა ვიხილავთ, შინაარსით პრაქტიკულად იმეორებს იმ შეფასებას, რაც პარლამენტში უკვე გაკეთებული გვაქვს. 2016 წელს შევაფასეთ ადამიანის უფლებების კუთხით ამ წლების მმართველობა, როგორც არაადამიანური, სადაც სისტემური დანაშაულები იყო. თუმცა, მოთხოვნის თვალსაზრისით სამართლებრივად გარკვეული კორექტირების საჭიროებას ვხედავ. იმიტომ, რომ პარლამენტს აქვს უფლება, რომელიმე საქმეზე გამოძიების დაწყება მოითხოვოს, მაგრამ უფლება არ აქვს, პირის მიმართ სისხლის სამართლის დევნის დაწყება და დამნაშავედ გამოცხადება მოითხოვოს. მე, როგორც იურისტს, მიმაჩნია, რომ სამართლებრივად მოთხოვნის კორექტირება საჭიროა. ჩვენ არ გვაქვს კონკრეტული პირი სახელითა და გვარით მივუთითოთ, რომ სასამართლომ ეს პირი დამნაშავედ გამოაცხადოს. ეს ზეწოლად იქნება აღქმული. ეს კონსტიტუციის პრინციპს ეწინააღმდეგება, რადგან ხელისუფლების დანაწილების პრინციპი არსებობს. ამიტომ მოთხოვნის სამართლებრივად სწორად ჩამოყალიბებაა საჭირო და მსჯელობა ამაზე გვექნება“, – განაცხადა ბესელიამ.

ეკა ბესელიას თქმით, იურიდიული კომიტეტის წინა სხდომაზე პროკურატურის წარმომადგენელს იმის გასარკვევად მოუსმინეს, თუ რა ეტაპზეა წინა ხელისუფლების დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიების პროცესი. მისი განცხადებით, ბოლო ინფორმაციით, 185-ზე მეტი პირის მიმართ უკვე განაჩენია გამოტანილი.

„რეზოლუციის განხილვასთან ერთად, ძალიან საინტერესო იყო იურიდიულ კომიტეტს ანგარიში მოესმინა, წარსულში ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით დღეს რა სურათი გვაქვს. კომიტეტის წინა სხდომაზეც მოსმენა სპეციალურად სწორედ იმიტომ დავგეგმეთ, რომ 2004-12 წლებში ჩადენილი ძალიან ბევრი დანაშაულის გამო, მთლიანი სურათი დავინახოთ. სისტემური დანაშაულის გამო რაც ხდებოდა, გამოძიებამ და სასამართლომ ამ დროისთვის რა გამოიძია. ბოლო ინფორმაციით, რაც მოგვეწოდა, 185-ზე მეტი პირის მიმართ უკვე განაჩენია გამოტანილი. ისინი სხვადასხვა საქმეებზე ყოფილი მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები და საჯარო მიხელეები არიან. არაერთი, ასეულობით ეპიზოდია, რომელზეც სასამართლომ უკვე დაადგინა, რომ მძიმე დანაშაულები იყო, მათ შორის წამება და არაადამიანური მოპყრობაა, გახმაურებულ საქმეებზე, რომლებზეც „პატრიოტთა ალიანსი“ რეზოლუციაში უთითებს. ეს არის 26 მაისი, 7 ნოემბერი, 15 ივნისი, 6 მაისი, – ყველა ამ საქმეზე გამოძიება წარმართულია და რამდენიმე საქმეზე რამდენიმე პირის მიმართ განაჩენიც დამდგარია. მათ შორის ამ საქმეში მხილებული არიან და ბრალი აქვთ წარდგენილი ყველაზე მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებს“, – განმარტავს ეკა ბესელია.

„სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადების შესახებ“ რეზოლუციას საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე განიხილავენ.

მსგავსი