მამუკა მდინარაძე - პარლამენტის თავმჯდომარეს არ აქვს უფლება, დაინტერესდეს, რატომ შედის ვიქტორ ჯაფარიძე მირზა სუბელიანთან ან გიგა ბოკერია ვანო მერაბიშვილთან
მამუკა მდინარაძე - პარლამენტის თავმჯდომარეს არ აქვს უფლება, დაინტერესდეს, რატომ შედის ვიქტორ ჯაფარიძე მირზა სუბელიანთან ან გიგა ბოკერია ვანო მერაბიშვილთან

პარლამენტის თავმჯდომარეს არ აქვს უფლება, დაინტერესდეს დეტალებით, თუ რატომ უნდა შესვლა ვიქტორ ჯაფარიძე მირზა სუბელიანთან ან გიგა ბოკერია ვანო მერაბიშვილთან, – ასე უპასუხა ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, რომელიც კვირა დღეს პარლამენტარის ციხეში შესვლის შესახებ ნებართვის გაცემას ეხებოდა.

„ათეულობით შემთხვევაში, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე გასცემს ნებართვას, შევიდეს პარლამენტარი ციხეში, ყველა გაცემულია უაპელაციოდ. არც ერთი ნებართვა არ ვიცი რომელ დღესაა გაცემული, ვიცი პრინციპი, რომ პარლამენტის თავმჯდომარე საუბრის შინაარსით, შეხვედრის მიზეზებით არ ინტერესდება, მას ამის უფლებამოსილება კანონით არ გააჩნია. ძალიან ბევრჯერ ვარ ნამყოფი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში კვირა დღეს. თუ თქვენ გგონიათ, რომ კვირის შეხვედრა რამენაირად დაკავშირებულია რომელიმე ჩანაწერთან, შემიძლია გითხრათ, რომ ეს ჩანაწერები როგორც პროკურატურისგან ჩვენთვის ცნობილი ხდება, მათ შორის საპარლამენტო კონტროლის ფარგლებში გვაქვს ხშირი კომუნიკაცია, ამოღებულია 12-ში მანამ, სანამ ეს ჩანაწერები გავრცელდებოდა და მასზე იმავე დღეს დანიშნულია ექსპერტიზა“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დეპუტატის თქმით, იგი აუცილებლად დაინტერესდება, რა სტატუსით და ვისი ნებართვით შევიდა ცუხიშვილი ვიქტორ ჯაფარიძესთან ერთად მირზა სუბელიანთან.