ეკა ბესელია - პარლამენტის მიერ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დელეგაციის შემადგენლობის იანვრამდე შეცვლა დიდი სკანდალი იქნება
ეკა ბესელია - პარლამენტის მიერ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დელეგაციის შემადგენლობის იანვრამდე შეცვლა დიდი სკანდალი იქნება

დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია პარლამენტის მუდმივმოქმედ დელეგაციებში კვოტების გადანაწილებით უკმაყოფილოა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პარლამენტში ძალიან ცუდი პროცესი დაიწყო.

„მას შემდეგ, რაც გარკვეულ დეპუტატთა ჯგუფმა უმრავლესობის დატოვება გადაწყვიტა, შიდა ე.წ. შურისძიების აქტით გადაწყვეტილების მიღების პროცესი დაიწყო.  იმედი მაქვს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, რომელმაც ამ წარმომადგენლობითი კვოტების თაობაზე უნდა იმსჯელოს,  დემოკრატიის მთავარ პრინციპს, წარმომადგენლობის პროპორციულობას გაითვალისწინებს“, – განაცხადა ბესელიამ.

მისი განმარტებით, უმრავლესობის გარეთ 11 დამოუკიდებელი დეპუტატია, რომლებსაც ეუბნებიან, რომ  ძირითად დელეგაციებში არ აქვთ უფლება, თუნდაც ერთი წარმომადგენლობა ჰყავდეთ. ბესელიას შეფასებით, პოლიტიკურ ჯგუფებს შორის უსამართლო გადანაწილება ხდება და ყველაზე მეტი წარმომადგენლობა უმრავლესობას აქვს.

„11 დამოუკიდებელ დეპუტატს მხოლოდ სამ დელეგაციაში შეუძლია ჰყავდეს თავისი წარმომადგენლობა. მათ შორის, არც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, არც ეუთო-ს და არც ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა არ არის, რაც ძალიან უსამართლო დამოკიდებულებაა“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისი შეფასებით, ეს კონკრეტული სახელებისა და გვარების გამო კეთდება.

„დღეს აქვს გადაწყვეტილი პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ დელეგაციების შემადგენლობა შეცვალოს. თუ  ვინმეა ამ დამოუკიდებელ დეპუტატთაგან ისეთ დელეგაციებში, რომელიც მას მიაჩნია, რომ არ უნდა იყოს თავისი პირადი შეხედულების გამო, ამ დელეგაციებიდან დაჩქარებულად, სასწრაფოდ გამოიყვანონ. მე რაც ინფორმაცია მაქვს, მცდელობა ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციის შეცვლაა. ამ დელეგაციის შეცვლა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წესებით არ შეიძლება მომავალი წლის იანვრამდე“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისი თქმით, იანვრიდან იანვრამდე დეპუტატთა შემადგენლობა უკვე დამტკიცებულია და ის ვერ შეიცვლება.

„საქართველოს პარლამენტი როგორ გადაანაწილებს ამას, ამის მიუხედავად ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ვერ შეცვლის. ეს პირდაპირ მომწერა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურმა მდივანმა და  წერილი თავმჯდომარეს გადავუგზავნე. საქართველოს პარლამენტის მიერ შემადგენლობის იანვრამდე შეცვლა ძალიან დიდი უხერხულობა და მგონი დიდი სკანდალი იქნება.  არ მგონია, პარლამენტის თავმჯდომარე ვერ აცნობიერებდეს, რომ პარლამენტი ძალიან ცუდად ჩანს ქვეყნის გარეთაც, თავი უნდა მოეჭრას პარლამენტს საკუთარი გაბრაზებული პოზიციების გამო“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მუდმივმოქმედ დელეგაციებში კვოტების საკითხზე დღეს საპროცედურო კომიტეტზე იმსჯელეს.