ეკა ბესელია - პარლამენტი სახალხო დამცველის რეკომენდაციებს ყოველ წელს იზიარებს და ამ თვალსაზრისით ოპოზიციის პრეტენზიები კომიკურია
ეკა ბესელია - პარლამენტი სახალხო დამცველის რეკომენდაციებს ყოველ წელს იზიარებს და ამ თვალსაზრისით ოპოზიციის პრეტენზიები კომიკურია

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, საკანონმდებლო ორგანო სახალხო დამცველის ანგარიშებიდან გამომდინარე რეკომენდაციებს ყოველ წელს იზიარებს და ამ თვალსაზრისით ოპოზიციის პრეტენზიები კომიკურია.

ჟურნალისტებთან საუბარში ეკა ბესელია ომბუდსმენის მიერ 2017 წლის ანგარიშის წარდგენას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დოკუმენტი პარლამენტში გუშინ გადაიგზავნა, შესაბამისად, შინაარსზე ვერ ისაუბრებს.

მისი თქმით, ანგარიშის განხილვის საპარლამენტო ტრადიცია და კულტურა 2013 წლის შემდეგ დამკვიდრდა.

„უწყება დოკუმენტს განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებს. შინაარსობრივად რა იქნება, ეს სამუშაო პროცესში გამოჩნდება. რაც შეეხება ოპოზიციის პრეტენზიებს, კომიკურია, რომ ამას ვისმენ, რადგან 2013 წელს პირველი წელი იყო, როცა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში ვნახე, რომ პარლამენტს განხილული არც ერთი წლის ანგარიში და არც ერთი რეკომენდაცია არ ჰქონდა გაზიარებული. პირველი დადგენილების პროექტი სწორედ 2013 წელს მოვამზადეთ, როცა 46 რეკომენდაცია გავიზიარეთ და ეს დღეს 200-ს აჭარბებს. ყოველ წელს რეკომენდაციების დიდ ნაწილს ვიზიარებდით და შემდეგ ამ რეკომენდაციების შესრულებას ვაკვირდებოდით. სრულიად ახალი სტანდარტია დამკვიდრებული და 2013 წლიდან ამ პრაქტიკას მივყვებით”, – აცხადებს ბესელია.

კანონმდებლის ცნობით, პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები შევიდა იმის თაობაზე, სახალხო დამცველის ანგარიშის განხილვა როგორ უნდა მოხდეს.

„რეგლამენტში პროცედურა სპეციალურად ჩავწერეთ. შესაბამისად, ოპოზიციის მხრიდან ასეთი არგუმენტის მოსმენა ერთი მხრივ, რეგლამენტის არცოდნაა, მეორე მხრივ კი, პრაქტიკის”, – განაცხადა ბესელიამ.