ეკა ბესელია – პარლამენტი მზად არის, კულტურის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე უარი თქვას

18:18, 30.05.2018

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განმარტებით, პარლამენტი მზად არის, კულტურის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე უარი თქვას.

როგორც ეკა ბესელია ამბობს, ბოლო პერიოდში ცვლილებას ბევრი ინტერპრეტაცია მოჰყვა და კანონში ცვლილება შესაძლოა, აღარ შევიდეს თუ ის, თუნდაც უმნიშვნელოდ ქმნის განცდას, რომ ვინმეს უფლება იზღუდება.

„არანაირი პრობლემა არ არის თუ არანაირ ცვლილებას არ განვახორციელებთ კულტურის შესახებ კანონში. მზად ვარ, რომ საერთოდ უარი ვთქვათ ამ კანონპროექტზე, რადგან აბსოლუტურად არაფერს არ დააზიანებს. კონსტიტუციის სტანდარტი მაინც იმოქმედებს და კონსტიტუცია არის უპირატესი”, – განმარტა ბესელიამ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მზადყოფნას გამოთქვამს, რომ თავად შეხვდეს სახელოვნებო წრეების წარმომადგენლებს და ცვლილების არსზე მათთან ერთად იმსჯელოს.

„დიდი სურვილი გვაქვს, შევხვდეთ სახელოვნებო წრეების წარმომადგენლებს, იმ ადამიანებს, ვისაც გაუჩნდათ კითხვა ინიციატივის მიმართ, რადგან რეალურად ინიციატივა ეხება სხვა რამეს, სრულიად უწყინარ, მხოლოდ კონსტიტუციის შესაბამისი პრინციპის გადმოტანას კანონში და არანაირ სხვა შეზღუდვას. ეს ცვლილება ეხებოდა უფრო მაღალი სტანდარტის დაწესებას და უფრო მაღალი დაცვის მექანიზმის შექმნას ვიდრე პირიქით”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მსგავსი