ეკა ბესელია ნარკოტიკების მოხმარებისთვის მსჯავრდებული პირების ამნისტიის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირებას გეგმავს
ეკა ბესელია ნარკოტიკების მოხმარებისთვის მსჯავრდებული პირების ამნისტიის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირებას გეგმავს

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირებას გეგმავს, რომელიც ნარკოტიკების მოხმარებისთვის მსჯავრდებული პირების მიმართ ამნისტიის გამოცხადებას ითვალისწინებს.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ბესელიამ განაცხადა, დაპირებული ნარკოპოლიტიკის რეფორმა დაგვიანდა და ამ დრომდე არ არის განხორციელებული ის აუცილებელი საკანონმდებლო ცვლილებები, რაც  შესაბამისობაში მოიყვანდა კანონმდებლობას საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან, რომელიც ნარკოდამოკიდებულ პირთა მიმართ გამოყენებულ საკანონმდებლო ნორმებს შეეხო.

„როგორც ჩანს, ეს პარლამენტი ნარკოპოლოტიკის რეფორმის განხორციელებას არ ან ვერ აპირებს, ყოველ შემთხვევაში, ეს ნება არ ჩანს. ამიტომ, მიმდინარე კვირას მოვახდენ ამნისტიის კანონპროექტის ინიცირებას, რომ უსამართლო სასჯელის მოხდისგან გათავისუფლდნენ ის პირები, რომლებიც ამ დრომდე სასჯელს იხდიან და ამაოდ ელოდებიან სამართლიან გადახედვას არსებული უსამართლო კანონმდებლობის. მიუხედავას იმისა, რომ განხორციელდა ნარკოდანაშაულის შესაბამისი მუხლის გაყოფა – რეალიზაციის და მოხმარების, თავის დროზე მოხდა სასჯელთა შეკრების წესის გაუქმება, ვერ და არ მოხდა ამ დრომდე იმ მუხლების შესაბამისობაში მოყვანა, რომელიც ოდენობების მიხედვით განსაზღვრავს ნარკოტიკების მოხმარებისთვის მსჯავრდებული პირებისთვის შეფარდებულ სასჯელს“, – განაცხადა ბესელიამ.