ეკა ბესელია - „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ერთმანეთს წარსულს რომ უხსენებენ, ამომრჩევლისთვის კარგია
ეკა ბესელია - „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ერთმანეთს წარსულს რომ უხსენებენ, ამომრჩევლისთვის კარგია

„ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ერთმანეთს წარსულს რომ უხსენებენ, ამომრჩევლისთვის კარგია, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ორ პარტიას შორის არსებული დაპირისპირების კომენტირებისას განაცხადა. ბესელიას თქმით, ამ პარტიებს გაცილებით მეტი რამ აერთიანებთ, ვიდრე განასხვავებთ.

„რომ ვუყურებდი, ერთმანეთს როგორ აბრალებდნენ, ვის რამდენი წვლილი და რამდენად დიდი როლი მიუძღვის იმ ცხრაწლიანი პერიოდის სისტემურ დანაშაულში, ძალიან ძნელია, გაარჩიო – ვის მეტი ან ვის ნაკლები, რადგანაც რას დაირქმევს ერთი და რას გადაირქმევს მეორე, არსი ამაში არ არის.

სამწუხაროდ, იმ სისტემის შემოქმედები ვინც იყვნენ, ან ერთ ან მეორე ჯგუფში, პასუხისმგებლობა პოლიტიკურიც, სამართლებრივიც და მორალურიც, მათზე შესაბამისად გადადის, იმის მიუხედავად, სახელად რა ერქმევა – „ევროპული“, „ნაციონალი“ თუ სხვა რამ. ეს ერთი ფესვიდან წამოსული ჯგუფი შემდეგ როგორ ურთიერთობს ერთმანეთთან, ბუნებრივია.

პირადად ჩემთვის, მათ გაცილებით მეტი რამ აერთიანებთ, ვიდრე განასხვავებთ, რადგანაც ეს ის ხალხია, ვინც ძალადობრივი სისტემის შემოქმედი იყო. ამიტომ, მათ ერთმანეთთან ბევრი რამ აქვთ საერთო და დღეს რომ წარსულს უხსენებენ, ეს ამომრჩევლისთვის კარგია, რადგანაც მათ ინფორმირებული არჩევანი უნდა გააკეთონ“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ კახეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოდაშენში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ  „ძალიან „ევროპულ საქართველოს“ რომ ეძახიან თავის თავს, ყველაფერი უბედურება მათი გაკეთებულია“. გრიგოლ ვაშაძეს უპასუხეს „ევროპული საქართველოდან“ და აღნიშნეს, რომ  მან ორ პარტიას შორის ბრიუსელში გაფორმებული შეთანხმება დაარღვია.